რუსეთში მატარებელი დატოვა ასეულობით მობილიზებულმა სამხედრომ - ისინი „ცხოველურ პირობებს“ უჩივიან

რუსი სამხედროები უკრაინაში საომრად გამგზავრების წინ. სევასტოპოლი. 27 სექტემბერი, 2022 წელი

დაახლოებით 500 რუსი სამხედრო, რომლებიც უკრაინაში საომრად არიან მობილიზებული, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჰყვებიან „ცხოველურ პირობებზე,“ რომლებშიც მათ რუსეთის ტერიტორიაზე ამყოფებენ.

ვიდეო გავრცელდა სოციალური ქსელებით 5 ოქტომბრის ღამით. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პირი, ვინც მას იღებს, დგას ადამიანების დიდი ჯგუფის წინ. ეს არიან სამხედროები იარაღით ხელში, რომლებიც ჰყვებიან, რომ მატარებლიდან ჩამოვიდნენ ბელგოროდთან. მობილიზებულები კამერის წინ ლაპარაკობენ, რომ არ არიან მიმაგრებული არცერთ სამხედრო ნაწილზე, არ იციან, რისთვის და სად გააგზავნეს, ჭამენ იმას, რასაც თვითონ ყიდულობენ და ფულის დიდი ნაწილი ამაში დახარჯეს.

ვიდეოს გადაღების ზუსტი ადგილი და დრო ჯერ დადგენილი არ არის. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მარკ კრუტოვმა ვიდეოს შესწავლისას შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი ადრე სხვა ვიდეოშიც გამოჩნდა, რომელშიც ცუდ პირობებს უჩიოდა, მაგრამ ის სხვა ადგილას იყო გადაღებული. გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, კადრები ბელგოროდის მახლობლად გადაიღო მოსკოველმა სერგეი სურკოვმა, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ასევე ჰქონდა გადაღებული ვიდეო ჯარში არსებული პრობლემების შესახებ.

მობილიზებულთა რიგებში ჩანს კერძო სამხედრო კომპანიის, Wagner-ის სიმბოლიკის მქონე მამაკაცი. Wagner-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპონსორია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. ბოლო დროს პრიგოჟინი საჯაროდ და მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს - სავარაუდოდ, კრემლის თანხმობით.

თადარიგის რუსი სამხედროები, რომლებიც შეკრებებზე ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „ნაწილობრივი მობილიზაცია,“ სულ უფრო ხშირად ჩივიან პირობების გამო, რომელშიც მათ უწევთ ყოფნა, ასევე - აღჭურვილობის არქონის გამო, რაც საჭიროა საბრძოლო მოქმედებისთვის.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ბევრ მობილიზებულს უწევს ყაზარმებში უსაწოლოდ ძილი, არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო კვებით და არ გაუვლიათ სამედიცინო შემოწმება. ასეთი შემთხვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია ომსკის, ვოლგოგრადის, კიროვის, სვერდლოვსკის და სახალინის ოლქებიდან, ასევე ჩუვაშეთიდან და მოსკოვის ოლქიდან.