თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. მერიის არქიტექტურის სამსახურთან 5-სართულიანი შენობის ესკიზი უკვე შეთანხმებულია, მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.
თბილისის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 5-სართულიანი შენობის საწყის სართულზე (-2) სრულად ავტოსადგომები გაკეთდება, იმავე დანიშნულების იქნება -1 სართულის ნაწილიც. შენობის დანარჩენი სივრცე მთლიანად დაეთმობა სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს.
ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედანზე, სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს - ცვლიდა ესკიზებს და შენობის დიზაინს. რამდენჯერმე ესკიზებზე მიიღო ნებართვაც, თუმცა მისი კუთვნილი სივრცე ამ ეტაპამდე აუთვისებელია - არქიტექტურის სამსახური ყოველ ჯერზე თავს იკავებდა ამ ადგილას სამშენებლო ნებართვის გაცემისგან.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის მერობის კანდიდატი იყო, მშენებლობას ეწინააღმდეგება.
"რომელი კორპუსის მშენებლობა არ გამიპროტესტებია - პარკში, სტადიონზე, საბავშვო ბაღის ადგილზე - მაგრამ ასეთი, რაც აქ არის, "ავლაბარში", ასეთი გამაოგნებელი რამ ჯერ არ მინახავს, არ მსმენია და არ გამიპროტესტებია - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იქ, სადაც არასდროს ნაგებობა არ ყოფილა, იქ სამშენებლო ნებართვის გაცემა, წარმოუდგენელია", - თქვა ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაწერა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა მიწა შპს "ეი-პი-ეს-ს" ეკუთვნის. კომპანიის დირექტორმა დავით საგანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ, მშენებლობას დაიწყებენ. სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანიამ პროცედურები 2021 წლის აპრილში დაიწყო.