პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა ამერიკელ ექიმს, ჯეიმს კობის. როგორც მან განაცხადა, კლინიკა „ვივამედში" შესვლა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა. ექიმმა განაცხადა, რომ გამგზავრება გადადო და იმედი აქვს, უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალებას მისცემენ.
ექიმ კობისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ლახანი. მან განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს ჩაუტარდა მთლიანი ფიზიოლოგიური გამოკვლევა, მათ შორის ხერხემლის, კუნთების და თავის ტვინის. შაჰინ ლახანის თქმით, პაციენტს აქვს დეფიციტი, რომელიც პროგრესს განიცდის.
კვლევების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და დასკვნის მომზადებამდე არ გასაჯაროვდება.
სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, რომ, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, სააკაშვილმა წუხელ პალატაში პროკურორების შესვლის შემდეგ, გონება დაკარგა. ადვოკატი ამბობს, რომ „ვივამედის" მთავარმა ნევროლოგმა მას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან სწრაფად უარესდება.
ასევე ნახეთ "ვივამედში" სააკაშვილის საქმეზე გასვლითი სასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა4 ოქტომბერს კლინიკა "ვივამედში" ვერ ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.