რატომ ეშინია პუტინს იაკუტელი შამანის?

შამანი ალექსანდრ გაბიშევი და ვლადმირ პუტინი. კოლაჟი

რუსეთის უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ გაუხანგრძლივა იძულებითი მკურნალობის ვადა შამან ალექსანდრ გაბიშევს, რომელიც იძულებით არის მოთავსებული სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ალექსანდრ გაბიშევი ის ცნობილი იაკუტი შამანია, რომელიც, მისივე სიტყვებით, „დემონ-პუტინის“ კრემლიდან განსადევნად ქვეითად გაემართა იაკუტსკიდან მოსკოვამდე და, რომელიც, 3 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დააპატიმრა 2019 წლის 19 სექტემბერს.

„ღმერთმა დამავალა პუტინ-დემონის განდევნა. მხოლოდ შამანს შეუძლია ამის გაკეთება - დემონთან ბრძოლა. იყავი თუნდაც ლენინი, სტალინი, ფრანგი რევოლუციონერი და ა.შ. - ვინც გინდა იყავი, თუნდაც ჩინგიზ ხანი, დემონთან ყველა დამარცხდება... ჩვენ წინ დგას არა ადამიანი, არამედ დემონი. მასთან ნებისმიერი პოლიტიკოსი დამარცხდებოდა. დემონთან გამკლავება მხოლოდ ჩემნაირ მებრძოლ შამანს შეუძლია“, - ალექსანდრ გაბიშევის ამ სიტყვებმა, ისევე, როგორც მისმა ლამის ექვსთვიანმა საჯარო მსვლელობამ მოსკოვისკენ, მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი მედიაორგანიზაციის მზერა მიიპყრო.

შამანი ალექსანდრ გაბიშევი

ალექსანდრ გაბიშევის ადვოკატის ალექსეი პრიანიშნიკოვის თქმით, უსურიისკის სასამართლომ უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა სერბსკის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რადგან, მოსამართლის სიტყვებით, „ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს“.

სასამართლო პროცესამდე გაბიშევს მკურნალი ექიმიც შეუცვალეს. ადვოკატის თქმით, ახალი ექიმი უკვე ესაუბრა შამანს, თუმცა „ეს უფრო დაკითხვას ჰგავდა, ვიდრე საუბარს“. სამედიცინო დაწესებულებამ უარი უთხრა ადვოკატებს გაბიშევის სამედიცინო ჩანაწერის ასლის მიწოდებაზეც.

2020 წელს ადამიანის უფლებათა დამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ ალექსანდრ გაბიშევი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა. ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მცხოვრებლები პერიოდულად მართავენ პიკეტებსა და სხვა საპროტესტო აქციებს პუტინის წინააღმდეგ ამხედრებული შამანის მხარდასაჭერად.

შამანის გზა

1968 წელს დაბადებული ალექსანდრ გაბიშევი - მებრძოლი-შამანი, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, 6 თვის განმავლობაში მიუყვებოდა მოსკოვისკენ მიმავალ ფედერალურ ტრასას, რათა, 8 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, კოცონი დაენთო წითელ მოედანზე და შამანური რიტუალით კრემლიდან განედევნა დემონი ვლადიმირ პუტინის სახით.

თავიდან მარტო მიდიოდა, შემდეგ, გზადაგზა, შეემატნენ თანამოაზრეები. ჯერ დასცინოდნენ, შემდეგ ტაშს უკრავდნენ. ზოგს გიჟად მიაჩნდა, ზოგსაც - წამებულად... ასე გაიარა 3 ათასი კილომეტრი, ვიდრე 19 სექტემბერს არ დააკავეს, თუმცა მანამდე, მსვლელობამ, რომელსაც აშუქებდნენ როგორც რუსი ბლოგერები, ასევე საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ალექსანდრ გაბიშევი, როცა მარტო მიდიოდა...

„ვინც თვალს ადევნებს ჩვენს მსვლელობას, ყველა მონაწილეობს ამ პროცესში; ვინც ჩვენი ამბავი შეიტყო, ყველა მონაწილეობს დემონის განდევნის რიტუალში“, - ალექსანდრ გაბიშევი დარწმუნებული იყო, რომ მისი შეუფერხებელი მსვლელობის მიზეზი რწმენა და ღმერთის მფარველობა იყო.

„არ ეშინია ძალოვანი სტრუქტურების, რადგან არ არსებობს იარაღი, რომელიც ადამიანის გონებასა და რწმენაზე უფრო ძლიერი იქნებაო“, - ასე ახსნა იაკუტი შამანის ამალის ერთ-ერთმა წევრმა გაბიშევის თავდაჯერება.

როგორ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ ერთ კაცს შეუძლია ჩავიდეს წითელ მოედანზე, და, ძალოვანი უწყებების მთელი არმიის წინააღმდეგობის მიუხედავად, განდევნოს პუტინი?

„სიკეთე ძალიან ძლიერია, ოქროს კერპზე უფრო ძლიერი. სიკეთის ტალღა გორდება. ეს ტალღა მოსკოვს შეავსებს, დაიპყრობს და განწმენდს მას“, - ასეთი იყო გაბიშევის თანხმლების კომენტარი.

ალექსანდრ გაბიშევი და მისი მხარდამჭერები

იაკუტელ შამანს, რომელიც დაჟინებით იმეორებდა, რომ მოსკოვში დემონი პუტინის განსადევნად მიდიოდა, გზადაგზა მოსახლეობა სურსათს, ტანსაცმელსა და ფულს ჩუქნიდა. ერთ-ერთ სოფელში გზაზე გამოსულმა ქალმა გაბიშევის თანმხლებ ჟურნალისტებს უთხრა, იმდენს გაუჩნდა შამანის იმედი, რომ არ აქვს უფლება დაგვაღალატოსო.

თვითონ ალექსანდრ გაბიშევი არ მალავდა, რომ დიდად ვერ ერკვეოდა პოლიტიკურ იდეოლოგიებში და, რომ პუტინსაც მხოლოდ იმიტომ ერჩოდა, რომ დარწმუნებული იყო მის დემონობაში.

რუსეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მოგწონთ? - ამ კითხვის პასუხად იაკუტელი შამანი პასუხობდა:

„რა თქმა უნდა, არიან ნორმალურები... ახლა უცბათ, რაც გამახსენდა, ესენი არიან: ზიუგანოვი, ნავალნი, ჟირინოვსკი... კიდევ სობჩაკიც კარგი ქალია... პრობლემა მხოლოდ პუტინშია. დემონია, ყველა გასრისა... თავის დროზე მეც დავდიოდი არჩევნებზე, მაგრამ მერე იმედი დავკარგე. დემონის ხელში არანაირ არჩევნებს აზრი არ აქვს“.

ალექსანდრ გაბიშევი

პუტინის რეაქცია

როგორ ხდებიან შამანები?

ალექსანდრ გაბიშევის თქმით, ადამიანი ბუნებით უნდა იყოს შამანი. ამასთან, როგორც ჩანს, გაბიშევის შამანიზმი არც მართლმადიდებლურ ლოცვებს გამორიცხავდა, რადგან მსვლელობისას თავისი ამალის მართლმადიდებელ წევრებთან ერთად ლოცულობდა კიდეც. გზად ერთ-ერთი სოფლის მღვდელმა ჰკითხა, საიდუმლოებებში თუ მონაწილეობო. გაბიშევმა, არაო, უბრალო სულელი („დურაკი“) ვარო.

„ეკლესია ამბობს, უწმიდურ ძალას მხოლოდ ლოცვითა და მორჩილებით უნდა დაუპირისპირდეო. დემონის დამარცხება თუ გინდათ, ისხედით სახლში და ილოცეთო. ასე არაფერი გამოვა, - ამბობდა იაკუტელი შამანი, - დემონი უნდა განდევნო. მივდივარ პუტინ-დემონის განსადევნად, თუმცა ფიზიკურად თმის ღერი არ ჩამოუვარდება თავიდან, წვეთი სისხლი არ დაიღვრება“.

ალექსანდრ გაბიშევი

„პუტინი სისხლისმსმელი დემონია. როცა ის არ იქნება, იქნება თავისუფლება“; „რუსეთი დათრგუნულია დემონის ძალით. პუტინი რომ დემონია, ღმერთმა მითხრა, ბუნებამ, სულებმა“; „წითელ მოედანზე კოცონს დავანთებ, მის გარშემო ვილოცებ და განვდევნი დემონს“; „დავუბრუნოთ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს“; „ვინ იქნება პუტინის შემდეგ, ხალხი გადაწყვეტს“ - ეს გამონათქვამებიც იაკუტელ შამანს ეკუთვნის და ყველა მათგანი, ბევრ სხვა კომენტართან ერთად, არაერთხელ მოხვდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მაშინ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ალექსეი ნავალნის გადაცემებში.

ალექსეი ნავალნი ძალიან ხალისობდა კრემლის რეაქციაზე. ამბობდა, იქ ყველაზე მეტად ამ შამანის ეშინიათო:

ალექსეი ნავალნი

„რა რეაქცია ექნებოდა ნორმალურ ხელისუფლებას ასეთ მსვლელობაზე? გაიცინებდა და დაივიწყებდა, მაგრამ ამათ შეეშინდათ, აკანკალდნენ. ულან-უდესთან ბურიატი, პუტინისტი შამანები დაახვედრეს საქმის გასარჩევად, მერე ავტომობილი წაართვეს და ბოლოს ომონის მთელი რაზმი დაახვედრეს“.

ალექსეი ნავალნის თქმით, საქმე ისაა, რომ თვითონ პუტინსაც სჯერა შამანური რიტუალებისა და ამიტომ ეშინია მისი.

პროფესორი ვალერი სოლოვეიც მთელი სერიოზულობით ამტკიცებს, რომ დროდადრო პუტინი მიფრინავს სერგეი შოიგუსთან ციმბირში, სადაც ისინი ერთად მონაწილეობენ შამანურ რიტუალებში. სოლოვეის თქმით, სწორედ შამანებმა დააიმედეს პუტინი, რომ სამყაროს მბრძანებელი გახდებოდა. რაც შეეხება იაკუტელი შამანის დაპატიმრებასა და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვას, ამასთან დაკავშირებით სოლოვეი ამბობს:

„2019 წლის სექტემბერში, როცა ალექსანდრ გაბიშევმა ულან-უდემდე მიაღწია, ერთ დღესაც პუტინი ცუდად გახდა, რამდენიმე საათი შეუძლოდ გრძნობდა თავს. კრემლში ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ პუტინს შამანმა მიაყენა დისტანციური დარტყმა“.

ვლადმირ პუტინი და ვალერი სოლოვეი (კოლაჟი)

ალექსანდრ გაბიშევის წინააღმდეგ ჯერ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ექსტრემიზმისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით, მაგრამ შემდეგ სასამართლომ იაკუტელი შამანი შეურაცხადად ცნო და იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. რამდენიმე თვეში კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2021 წლის იანვარში, როცა გაბიშევმა თქვა, რომ აპირებს მარტიდან ახალი მსვლელობის დაწყებას და იმავე მიზნით მოსკოვში ჩასვლას.

„ახლა შიშის დრო არ არის. გამბედაობა მთებს გადადგამს. Მე არ მეშინია. შეიძლება ხვალვე წამიყვანონ და მომკლან. მე მზად ვარ ამისთვის. დიახ, ვფიქრობ, რომ ეცდებიან ჩემ მოკვლას, რადგან არ დავემორჩილე მათ და არ გავჩუმდი... მსვლელობის მიზანი იგივეა: მოსკოვამდე, კრემლში ჩასვლა და ხელისუფლებაში მყოფ ბნელ ძალებსა და ბოროტ სულებთან ბრძოლა. წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენ შევძლებთ დემონის დამხობას, ამისათვის მივდივარ“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს იაკუტელმა შამანმა, რომელიც მოსკოვში ჩასვლამდე, ჯერ იაკუტიის, წინაპართა მიწების მოვლას აპირებდა თეთრი ცხენით, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში, იაკუტსკის საქალაქო სასამართლომ გაბიშევი, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნოვოსიბირსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. მოგვიანებით შამანი უსურიისკის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვის თქმით, საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის მემკვიდრე სისტემა გულმოდგინედ ცდილობს მცენარედ აქციოს ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში არანაირი ზიანის მიყენება არ შეუძლია.

ალექსანდრ ნევზოროვი

„შამან საშა გაბიშევს სჯერა სულების, ღმერთებისა და არამიწიერი ძალებისა. მან დაიფიცა, რომ ჩავა მოსკოვში და განდევნის პუტინს. შამანის ამ მსვლელობას მთელმა მსოფლიომ უყურა და ამით რუსეთის ცივილიზებულობის იმიჯის ბოლო ნარჩენებიც მოსპო. რა მიზეზი აქვს ამ გულადი, მაგრამ მარტოხელა და სრულიად დაუცველი შამანის მიმართ აგრესიას? მხოლოდ შიში შეიძლება იყოს ამის მიზეზი, სხვა ახსნა ამას არ აქვს! შიში იმისა, რომ შამანის დაფის გრუხუნი მოანგრევს კრემლის ქონგურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი იმაზე მეტად არის აჭრილი ყოველგვარ მისტიკაზე, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. როგორც ჩანს, ირაციონალურობის მატლებმა სრულად გამოხრეს ხელისუფლების ტვინი“, - თქვა ალექსანდრ ნევზოროვმა თავის საავტორო გადაცემაში.