რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ - ამჟამად გთავაზობთ საუბარსლევ ტოლსტოის უკვდავ მოთხრობაზე „ივან ილიჩის სიკვდილი“. ლევ ტოლსტოი „წიგნის კლუბში“ სამი შედევრითაა წარმოდგენილი, ესაა მისი სქელტანიანი რომანები „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“ და 70-გვერდიანი მოთხრობა უბრალო ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილზე. ივან ილიჩი სასამართლო სისტემის წარმომადგენელია; იგი ე.წ. „უთვისებო კაცია“; მისი სიცოცხლე და ცხოვრება უმნიშვნელოა და განსაზღვრულია იმ წესებით, რომელსაც მისი კლასის უფრო მაღალი ფენის წარმომადგენლები ადგენენ. უშუალოდ სიკვდილის წინ ივან ილიჩი აღმოაჩენს, რომ მის სიცოცხლეს არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ჰქონია და დროც აღარ არის, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. მოულოდნელად ამ წყვდიადში ნათელი შემოდის და ივან ილიჩი ხვდება, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლია, ზედ სიკვდილის წინ. სიკვდილის წინ ხელი თავისი მცირეწლოვანი ვაჟის თავზე მოუხვდება და ბავშვი ხარბად დაეკონება ამ ხელს, ივან ილიჩი ხვდება, რომ პირველად ფიქრობს შვილზე, სხვაზე, მანამდე ხომ სხვები, სარტრის არ იყოს, ჯოჯოხეთი იყო…