ჰომოფობიური და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მიერ დაფუძნებული ტელეარხის, "ალტ-ინფოსა" და პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობას იწყებს რუსეთში. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშენებლო ბიზნესისთვის ბიზნესპარტნიორები და ფინანსები უკვე მოძიებული აქვს.
"თვის ბოლოდან გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში ბიზნესით. სწორი ფორმულირება რომ იყოს, ბიზნესით გადავდივარ, არსად არ გავრბივარ. როგორც დავდივარ სხვაგან, ისე ვიქნები აქაც და იქაც. სამშენებლო ბიზნესში შევდივარ. [საინვესტიციო] თანხა მოძიებულია და დალაგებული. აქაც ვსაქმიანობდი რაღაც ეტაპზე, თუმცა მასშტაბები და ფასები განსხვავდება", - ამბობს კონსტანტინე მორგოშია.
იმის მიუხედავად, რომ არც ტელევიზიის და არც პარტიის დამფინანსებელი მორგოშია ოფიციალურად არასდროს ყოფილა, ამბობს, რომ "როგორც ვაფინანსებდი "ალტ-ინფოს" და "კონსერვატიულ მოძრაობას", გავაგრძელებ ისე".
ასევე ნახეთ ერთი და იგივე თანხა, დრო და ხალხი - როგორ სწირავს „ალტ-ინფოს” პარტია საკუთარ თავს ფულსრადიო თავისუფლებამ მას შეახსენა, რომ მისი შემოწირულების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არ იძებნება და რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვაც დაუსვა.
ჟურნალისტი: პარტიაში თქვენ იყავით დამფინანსებელი?
კონსტანტინე მორგოშია: არა, მე არა.
ჟურნალისტი: მესამე პირის გავლით ხომ არ შეგიწირავთ?
კონსტანტინე მორგოშია: არა, რაში მჭირდება. პარტია და ტელევიზია, ფაქტობრივად, ერთ საბრძოლო ველზე არიან - ერთმანეთის გარეშე გაუჭირდებათ.
ჟურნალისტი: ტელევიზიის დამფინანსებელი მამიდათქვენი, ციალა მორგოშია არ არის?
კონსტანტინე მორგოშია: მამიდაჩემი არის ტელევიზიის იურიდიულად დამფუძნებელი, მე ვარ მისი უფლებამოსილი პირი. მე განვკარგავ მის აქტივებს.
ჟურნალისტი: მამიდათქვენია ტელევიზიის დამფინანსებელი თუ თქვენ აფინანსებთ მამიდის დახმარებით?
კონსტანტინე მორგოშია: ფინანსები ოჯახის არის - ხან ჩემია, ხან მისი.
"ალტ-ინფო" სატელევიზიო/ონლაინ ეთერში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ტელეარხს მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის უფლება აქვს.
ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სწორედ მისი მოწოდებების გამო 5 ივლისს ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.
"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.