ევროკავშირმა შეათანხმა სანქციების მერვე პაკეტი, მასში შედის რუსეთის ნავთობის ფასების შეზღუდვა

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას. დოკუმენტის საბოლოო ვერსია შეიძლება უკვე 5 ოქტომბერს შეთანხმდეს. ამის შესახებ იტყობინებიან ჟურნალი Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით და BBC-ის კორესპონდენტი - რამდენიმე ანონიმი წყაროს მიხედვით.

ჟურნალისტების ცნობებით, მერვე პაკეტის ფარგლებში შეთანხმდება ფასების ზედა ზღვრის დაწესების სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, შეზღუდვებს შემოიღებენ რუსეთის ფოლადის მრეწველობის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო კომპანიების მმართველი ორგანოების წევრობა.

მანამდე დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, შეიზღუდოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის ფასების ზღვარი, მიიღეს „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა: გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ. ბარელ ნავთობზე ფასების ზღვრები მოგვიანებით გამოცხადდება. თავად გადაწყვეტილება 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.

მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ივაჭრებს ნავთობით, თუკი ფასები მისთვის მომგებიანი არ იქნება. თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ნავთობის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში. მოსკოვი ამ ქვეყნებში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი გახდა. როგორც იტყობინებიან, ექსპორტი მნიშვნელოვანი შეღავათებით წარმოებს მსოფლიო ბაზრების ფასებთან შედარებით.