უკრაინა ზაპოროჟიეს აეს-ის კვლავ ჩართვას აპირებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია „ენერჰოატომის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კვლავ ჩართვა. ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ.

Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ენერჰოატომის“ პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომპანიამ რამდენიმე დღეში შეიძლება კვლავ აამუშაოს ორი რეაქტორი, რათა უსაფრთხოების სისტემები დაიცვას ზამთრის მოახლოებისა და აცივების პირობებში.

მისი თქმით, დაბალ ტემპერატურაზე შიგნით ყველაფერი გაიყინება და უსაფრთხოების მოწყობილობები დაზიანდება.

„ამიტომ საჭიროა გათბობა და გათბობის ერთადერთი საშუალებაა მოქმედი რეაქტორი“, - თქვა მან.

ელექტროსადგურის უკანასკნელი მოქმედი რეაქტორი 11 სექტემბერს გათიშეს, ვინაიდან რუსეთის ჯარების მოქმედებების შედეგად გაწყდა სტაბილური ელექტრომომარაგება გარედან, რაც საჭიროა გაგრილებისა და უსაფრთხოების სხვა სისტემებისთვის. იქმნებოდა პოტენციური კატასტროფის საფრთხე, რაც შეშფოთებას იწვევდა მთელს მსოფლიოში.

რუსეთის ჯარები აკონტროლებენ ატომურ ელექტროსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარს, სადაც ცხოვრობს ათასობით უკრაინელი მუშა, რომლებიც განაგრძობენ ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციას.