ლუკაშენკას თქმით, ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დღეს სამხედრო უსაფრთხოების საკითხზე თათბირი გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა „სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაანალიზებას და რეაგირების ზომების შემუშავებას“.

თათბირზე ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ბელარუსი მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. მაგრამ უარყო, რომ ბელარუსი უკრაინაში თითქოს სამხედროებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. ოპერაციაში მონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ ვუმკურნალოთ დაჭრილებს, მივიღოთ ლტოლვილები და არ დავუშვათ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება, თქვა მან.

„მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ არსად ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, - ირწმუნება ლუკაშენკა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბელარუსმა რუსეთის არმიას საკუთარი ტერიტორია დაუთმო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად. რამდენიმე დღის შემდეგ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტებს უშვებდნენ.

ლუკაშენკამ „ფეიკი“ უწოდა ცნობას ბელარუსში მობილიზაციისთვის მზადების თაობაზე. ამავე დროს მან მართლა დაავალა სამხედრო კომისარიატებს თადარიგში მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურის აღრიცხვა. მისი თქმით, ეს ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთის მსგავსი შეცდომები არ დავუშვათო.