კეკელიძის #1-ში მცხოვრებ ოთხსულიან ოჯახს აღსრულების პოლიცია ბინიდან გასასახლებლად 5 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის მიაკითხავს.
პირველ სართულზე მდებარე 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, თითქმის ოთხი წელია მარინა ხატიაშვილს აღარ ეკუთვნის. ბინა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა ოჯახთან ერთად, 2018 წელს, მას შემდეგ გაიყიდა აუქციონზე, რაც მან ვეღარ შეძლო იპოთეკარებისთვის ყოველთვიური სესხის გადახდა. როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა.
აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა. უწყების ბოლო წერილში, რომელიც მარინა ხატიაშვილმა 22 ივნისს მიიღო, ნათქვამია, რომ 5 ოქტომბერს, „აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისთვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა, ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას“ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პირს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წერილის თანახმადვე, თუ მოვალე არ ცლის შენობას, აღსრულების პოლიციელი უფლებამოსილია გამოიტანოს მოვალის ქონება.
გამოსახლების შესახებ აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და გამოსახლების პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს, კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების ბოლო მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა, აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის, ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილების შეცვლა მაშინ იმით ახსნა, რომ ბინაში იმ პერიოდში სამი თვის ჩვილი ცხოვრობდა და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დროებით, 5 ოქტომბრამდე გადადო.
მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის იპოთეკართა მაქინაციური სქემისა და კაბალური კანონმდებლობის მსხვერპლია და სწორედ ამიტომ გეგმავს, რომ 5 ოქტომბერს, მეგობრებთან, გულშემატკივრებთან და „მევახშეთა სქემის“ სხვა დაზარალებულებთან ერთად გაუწიოს წინააღმდეგობა აღსრულების პოლიციას.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ოქტომბერს ის არ გეგმავს კარი გაუღოს აღსრულების პოლიციას, აპირებს რომ მისი მეხსიერებისთვის ძვირფასი რამდენიმე ნივთი სახლიდან გაიტანოს, რადგან შიშობს, რომ ეს ნივთები, შესაძლოა სახლიდან გასახლების მცდელობის პროცესში დაზიანდეს:
„ეს უკვე ჩვენი გასახლების მესამე მცდელობა იქნება. აქამდე ადამიანების, მეგობრების, მათ შორის, უცნობი ადამიანების თავდადებულმა ბრძოლამ მოგვიყვანა. ჩვენ მევახშეს ვთავაზობთ იმაზე მეტ ფულს, რაც მისგან ავიღეთ, მაგრამ უარს გვეუბნება, მათ თავიდანვე ჰქონდათ ჩვენი ბინის ინტერესი. ეს არის ძალიან ბინძური ბიზნესი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული მოსახლეობის ქუჩაში დატოვებისკენ. მარტო ამ ზაფხულს, 2100 გამოსახლება იყო დანიშნული. სამწუხაროდ, სტატისტიკის დეპარტამენტს არ აქვს მონაცემი მევახშეებისა და ბანკების გამო რამდენ ადამიანს აქვს ბინა დაკარგული. ერთადერთი, რასაც ახლა ვაპირებ, ჩემთვის ძვირფასი ის ნივთები, რაც ჩემს მეხსიერებასთან და წინაპრებთან არის დაკავშირებული, ამ ნივთებს გავიტან, რომ არ დამიმტვრიონ. ჩემს პროფესიასთან დაკავშირებულ რამდენიმე წიგნს გავიტან. სახლში უამრავი რარიტეტი მაქვს, ძვირფასი წიგნები, ამასაც კი არ გავიტან, რადგან ყველამ ნახოს, რას უნდა გადაუარონ. ამას ყველაფერს დავაყრევინებ ქუჩაში და წაიღოს ხალხმა, ვისაც უნდა. გამვლელმა და გამომვლელმა, რადგან ეს არის ამ ხელისუფლების რეალური სახე. აღსრულების სამსახურის ჩინოსანისგანაც გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება, აქვთ უფლება, რომ ფაჯრიდანაც შემოვიდნენ. ასე შემოგვითვალეს. გვაშინებენ, თუ მართლა აპირებენ, ვერ გეტყვით“.
მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ თუკი 5 ოქტომბერს, აღსრულების პოლიცია მას და მის ოჯახს გამოასახლებს, ის იძულებული იქნება თავშესაფარი საზღვარგარეთ მოითხოვოს:
„კი, მე ვარ პოლიტიკური დევნილი, რადგან ჯერ კიდევ 2009 წლიდან დამიპირისპირდა მერიის არქიტექტურის სამსახური, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მაშინ არ დავეთანხმე თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს და სამსახურიდან გამიშვეს. სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი ფინანსური პრობლემები, ვეღარ შევძელი „საქართველოს ბანკისგან“ აღებული სესხის დაფარვა და იძულებული გავხდი, საქმე მევახშეებთან დამეჭირა. დევნილი ვარ, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ამ ხელისუფლების. წლების განმავლობაში, არაერთი შანსი მქონდა, რომ საზღვარგარეთ დავრჩენილიყავი სამუშაოდ ჩემი პროფესიით, მაგრამ მე მიყვარდა ჩემი სამშობლო, ჩემი პროფესია, სადაც პატივს მცემდნენ და ნამდვილად არ მინდოდა საქართველოდან წასვლა... ახლა უკვე იძულებული ვარ, წავიდე. აღარც სახლი მრჩება და აღარც კარი, თუმცა, სანამ წავალ, ბოლომდე ვიბრძოლებ იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვინც ჩემს მსგავსად, მარტონი აღმოჩნდნენ სისტემისა და დანაშაულებრივი სქემის პირისპირ. ჯერ კიდევ მაქვს და შემრჩა ამის ენერგია. გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებებზე, გადაიხედოს იმ ადამიანების საქმეები, რომელთა გამოსახლებაც იგეგმება. ათასობით ადამიანია ამ დღეში“.
კეკელიძის #1-ში მდებარე ბინის ახალი პატრონი დარეჯან დვალია. ამ საქმეში დარეჯან დვალის სტატუსისა და პოზიციის შესახებ, რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი, 2022 წლის ივნისში ელაპარაკება. ადვოკატი ირწმუნება, რომ დარეჯან დვალს მარინა ხატიაშვილის ქონებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია იმ დრომდე, სანამ მისი ბინა აუქციონზე არ იყიდა. მისი თქმით, დარეჯან დვალი არსად, მათ შორის, არც საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება მარინა ხატიაშვილის იპოთეკარად. გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მარინა ხატიაშვილის იპოთეკარები იყვნენ დარეჯან დვალის ნაცნობები და ბინა აუქციონზე მათ დასახმარებლად შეიძინა.
მიუხედავად დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიტაშვილის მტკიცებისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მარინა ხატიაშვილის საქმეში მხოლოდ ბინის აუქციონზე გატანის შემდეგ გამოჩნდა, მარინა ხატიაშვილის მრავალრიცხოვან საბუთებსა და ხელშეკრულებებს შორის, რომელიც მას იპოთეკარებთან ურთიერთობისას წლების განმავლობაში დაუგროვდა, დარეჯან დვალის სახელი და გვარი 2016 წელს ჩნდება. ის ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც მარინა ხატიაშვილის ერთ-ერთი იპოთეკარის, მადონა დარსაძის წარმომადგენელი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს დარეჯან დვალი თავად აწერს ხელს.
კიდევ ერთი ხელწერილის თანახმად კი, რომელიც ასევე ნოტარიულადაა დამოწმებული, დარეჯან დვალი, 2016 წლის 17 დეკემბერს წერს: „მე, დარეჯან დვალმა, წინასწარ ავიღე მარინა ხატიაშვილისგან 3 თვის პროცენტი - 3000$“.
ასევე ნახეთ „მევახშის“ ვალი - ოჯახი გასახლების მოლოდინში„მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ვრცელი კვლევა.
გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ მაგალითად 2018 წლის მონაცემებით, საჯარო რეესტრში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონება იყო რეგისტრირებული. ამ მონაცემებში, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართიც.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევის („დასაკუთრებული უძრავი ქონების მიმოხილვა“) თანახმად, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციას ეყრდნობა, 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა აუქციონზე.
- 2015 წელს გაყიდული უძრავი ქონების 56.6% (720 უძრავი ქონება) ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ „მევახშეების“ მიერ იყო რეალიზებული.
- მომდევნო წელს გამოქვეყნებულ ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს რეალიზებული უძრავი ქონების 55% „მევახშეების“ მიერაა რეალიზებული (978 შემთხვევა).
- 2019 წლის ათი თვის მონაცემებით კი რეალიზებული 1039 უძრავი ქონებიდან, 49% სწორედ „მევახშეებმა“ გაიტანეს აუქციონზე.
- 2020 წლის იანვრის მონაცემებით, სესხის გამცემ სუბიექტად ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული იყო 15 ბანკი, 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მხოლოდ 204 ე.წ. სესხის გამცემი სუბიექტი.
"მევახშეთა" კვლევამ არაერთი ნიშანდობლივი ფაქტი გამოავლინა. მათ შორის ის, რომ მაგალითად, კრედიტორთა უმთავრესი ინტერესია დაეუფლონ იპოთეკით დატვირთულ ქონებას; ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა თუ გამოუცდელობით; ქონების დაუფლების შესახებ კრედიტორთა უმთავრეს ინტერესს ხელს უწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევის მთელი რიგი სტრუქტურული პრივილეგიები და უპირატესობებიც, რაც მხოლოდ კრედიტორთა მხარეს არის.