Pos TV: დღეიდან ვხდებით მოძრაობა "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმა

კადრი Pos TV-ის ეთერიდან

​ტელეკომპანია "პოს ტვ" აცხადებს, რომ დღეიდან ხდება მოძრაობა "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმა. მედიასაშუალების სახელით განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ არხის 52-პროცენტიან წილს პარლამენტის დეპუტატი, მოძრაობა "ხალხის ძალაში" გაერთიანებული ვიქტორ ჯაფარიძე ყიდულობს.

ასევე ნახეთ ცნობილია, რომელი დეპუტატები და ექსპერტები უერთდებიან "ოცნებიდან" წასულ "ოთხეულს"

"პოს ტვ"-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა "ხალხის ძალას" მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი", - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე Pos TV-ის 52 პროცენტს ყიდულობს

საჯარო რეესტრში ცვლილებები ჯერ ასახული არ არის, თუმცა ჩანს არხის წილების გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, არხის 1-პროცენტიანი წილი 10 ათას ლარად შეფასდა, ანუ ჯამში ვიქტორ ჯაფარიძეს 520 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

ცვლილებების შემდეგ არხის წილები ასე გადანაწილდება:

  • ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;
  • შალვა რამიშვილი - 24%;
  • თემურ ჭარელაშვილი - 24%;
  • მეწილეები აღარ იქნებიან ნუგზარ რუხაძე, ზვიად ბლიაძე, ანა შენგელია, ვახტანგ კომახიძე.

ასევე ნახეთ დუმილის ოქრო - დეპუტატები, რომლებიც 4-წლიანი "მდუმარების" შემდეგ ისევ პარლამენტში მოხვდნენ

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით აკრძალულია, რომ საჯარო მოხელეს ეკუთვნოდეს ტელეკომპანიის წილები - (მუხლი 37) "მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე".

საქართველოს კანონმდებლობით, ტელევიზიის წილების ცვლილების შესახებ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს - ამ შინაარსის განცხადება კომისიაში შესული არ არის.