დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე Pos TV-ის 52 პროცენტს ყიდულობს

კადრი Pos TV-ის მაუწყებლობიდან

უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტს ყიდულობს. ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომლის თანაგუნდელიც გახდა ვიქტორ ჯაფარიძე.

ასევე ნახეთ TI: დეპუტატ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან 6 მლნ-ზე მეტი მიიღეს

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტი. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.

ასევე ნახეთ ცნობილია, რომელი დეპუტატები და ექსპერტები უერთდებიან "ოცნებიდან" წასულ "ოთხეულს"

საჯარო რეესტრში ცვლილებები ჯერ ასახული არ არის, თუმცა ჩანს არხის წილების გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, არხის 1-პროცენტიანი წილი 10 ათას ლარად შეფასდა, ანუ ჯამში ვიქტორ ჯაფარიძეს 520 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

ასევე ნახეთ მილიონერი პარლამენტარები "ქართული ოცნებიდან"

წილების ცვლილებამდე Pos TV ეკუთვნით:

  • ნუგზარ რუხაძეს - 16%;
  • ზვიად ბლიაძეს ("ზვიო") - 16%;
  • შალვა რამიშვილს - 24%;
  • ანა შენგელიას - 8%;
  • ვახტანგ კომახიძეს - 8%;
  • თემურ ჭარელაშვილს - 28%.

"ნუგზარ რუხაძეს, ზვიად ბლიაძეს, ანა შენგელიას, ვახტანგ კომახიძეს სურთ, რომ სრულად გადასცენ მყიდველს მათი კუთვნილი წილი საზოგადოების კაპიტალში, ხოლო თემურ ჭარელაშვილს სურს გადასცეს კუთვნილი 28 პროცენტიდან 4 პროცენტი. მყიდველი თანახმაა სრულად შეიძინოს გამყიდველისგან აღნიშნული წილი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით", - წერია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

ასევე ნახეთ Pos TV: დღეიდან ვხდებით მოძრაობა "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმა

ცვლილებების შემდეგ არხის წილები ასე გადანაწილდება:

  • ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;
  • შალვა რამიშვილი - 24%;
  • თემურ ჭარელაშვილსი - 24%.
  • მეწილეები აღარ იქნებიან ნუგზარ რუხაძე, ზვიად ბლიაძე, ანა შენგელია, ვახტანგ კომახიძე.
ასევე ნახეთ დუმილის ოქრო - დეპუტატები, რომლებიც 4-წლიანი "მდუმარების" შემდეგ ისევ პარლამენტში მოხვდნენ

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით აკრძალულია, რომ საჯარო მოხელეს ეკუთვნოდეს ტელეკომპანიის წილები - (მუხლი 37) "მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე".

საქართველოს კანონმდებლობით, ტელევიზიის წილის ცვლილების შესახებ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს - ამ შინაარსის განცხადება კომისიაში შესული არ არის.