გაიყინება ევროპა "მგლის კუდივით"?

ვ. პუტინი ევროპას ცივი ზამთრით აშინებს. ილუსტრაცია

ევროპის რუსული გაზით შანტაჟი დასრულდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მარშრუტის ოთხ ტოტზე ერთდროულად მომხდარი დაზიანებების გამო, ევროპა ზამთრის დადგომამდე დარჩა რუსული გაზის გარეშე. ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ელოდნენ ამ დღის დადგომას და, შესაბამისად, ეძებდნენ საწვავის მიღების ალტერნატიულ გზებს მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა სრულად იყო დარწმუნებული, რომ ევროკავშირი იძულებული იქნებოდა შეეძინა რუსული გაზი იმ რაოდენობით, რა რაოდენობის მიყიდვასაც რუსული მონოპოლისტი „გაზპრომი“ გადაწყვეტდა და რუბლებში გადაეხადა ის ფასი, რომელსაც კრემლი დაუწესებდა.

  • დაკარგა თუ არა რუსეთმა შანტაჟის იარაღი?
  • როგორ გადაიტანს ზამთარს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობაში „გაზპრომის“ მიერ მიწოდებული საწვავის წილი 40%-ს აღემატებოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი - 55% - გერმანიაში იყო (სულ მოიხმარდა 90 მლრდ კუბ. მეტრს წელიწადში). მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს ევროკავშირის ქვეყნებმა და, პირველ რიგში, გერმანიამ, შეემცირებინათ რუსული გაზის მოხმარება. ომის დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში გერმანიამ 35%-მდე დაიყვანა რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებელი, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მწყობრიდან გამოყვანამ კი თეორიულადაც შეუძლებელი გახადა რუსული ბუნებრივი აირის მოხმარება.

პუტინის გზავნილი დასავლეთს?

„ჩრდილოეთის ნაკადი“ 2011 წლის ნოემბერში საზეიმოდ გახსნეს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ეს იყო ყველაზე ძვირი ერთობლივი რუსულ-გერმანული პროექტი და, ამავდროულად, ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენი (1200 კმ) ვიბორგიდან, ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით, გერმანულ გრაიფსვალდამდე და, რაც მთავარია, უკრაინის გვერდის ავლით.

"ჩრდილოეთის ნაკადის" ინფრასტრუქტურა

„ჩრდილოეთის ნაკადი“ წელიწადში 55 მლრდ კუბ.მ სიმძლავრითა და 1200 კმ სიგრძით, უნიკალური პროექტია არა მხოლოდ ამ პარამეტრებით, არამედ იმითაც, რომ გაზის გადატუმბვისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთი კომპრესორული სადგური, რაც შესაძლებელია ფოლადის მილების განსაკუთრებული ხარისხის წყალობით. ამასთან, ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენი დაფარულია 10 სმ სისქის ბეტონის ფენით. ეს იცავს და ამძიმებს მილს. ზღვის სიღრმე კუნძულ ბორნჰოლმთან, სადაც მილსადენები დაზიანდა, დაახლოებით 70 მეტრია.

არავის სჯერა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მწყობრიდან ავარიის შედეგად გამოვიდა. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ (CIA) ჯერ კიდევ ზაფხულში გააფრთხილა გერმანიის მთავრობა ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.

შვედეთის ეროვნულმა სეისმურმა ქსელმა (SNSN) პირველი აფეთქება 26 სექტემბრის ღამეს დააფიქსირა, მეორე კი იმავე საღამოს. ერთ-ერთი მათგანის მაგნიტუდა 2.3 იყო.

"ნათლად ჩანს, თუ როგორ მოემართებიან ტალღები ფსკერიდან ზედაპირისკენ. ეჭვგარეშეა, რომ ეს აფეთქებები იყო", - უთხრა SNSN-ის სეისმოლოგმა ბიორნ ლუნდმა Deutsche Welle-ს. ორი წყალქვეშა დარტყმა ასევე დაარეგისტრირა პოტსდამში მდებარე გეოფიზიკის კვლევის ცენტრმა.

შვედეთის ეკონომიკური ზონა. ბალტიის ზღვა. გაზის გაჟონავს "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენიდან. ფოტო გადაღებულია შვედეთის სანაპირო დაცვის თვითმფრინავიდან 2022 წლის 28 სექტემბერს

რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ოთხი ზემტკიცე მილის ჰერმეტულობა ერთდროულად დარღვეულიყო?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავეცკი დივერსიაზე საუბრობს. მისი აზრით, ეს არის ესკალაციის ახალი საფეხური უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

მათეუშ მორავეცკის აზრს იზიარებს ვლადიმირ მილოვი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომლის თქმითაც, რუსეთი მოქმედებს ყველა წესის დარღვევით, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების მწობრიდან გამოყვანით კოლექტიურ დასავლეთს უგზავნის შემდეგ სიგნალს: თუ უკან არ დაიხევთ სანქციებისა და უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის თვალსაზრისით, არა მხოლოდ გაზს გაგითიშავთ, არამედ მთელ თქვენს წყალქვეშა ინფრასტრუქტურას გავანადგურებთ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ერთგვარი სერიოზული საველე სწავლება იმ ობიექტებზე, რომლებიც არ ენანებათ, რადგან პუტინს უკვე შეწყვეტილი აქვს ამ მილსადენებით გაზის მიწოდება, თუმცა, ცხადია, საქმე გვაქვს მძლავრ, მოქმედ ინფრასტრუქტურასთან. შესაბამისად, პრაქტიკულად გამოცადეს, გამოუვიდოდათ თუ არა მისი მწყობრიდან გამოყვანა. გამოუვიდათ. ყველა შეშინდა და შეშფოთდა, რადგან ეს გზავნილი ასე შეიძლება წავიკითხოთ: რუსეთი დაიწყებს იერიშის მიტანას წყალქვეშა ინფრასტრუქტურებზე“, - ამბობს ვლადიმირ მილოვი.

ვლადიმირ მილოვი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე

რუსეთმა ჩრდილოეთის ნაკადების დაზიანებაში დასავლეთი - აშშ და პოლონეთი დაადანაშაულა, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ბევრი რამე სწორედ რუსეთის ხელწერაზე მიუთითებს. შესაძლოა, პოლიტიკურის გარდა, რუსეთი ეკონომიკური ხეირის მიღებასაც ცდილობს. საქმე ისაა, რომ მილსადენები დაზღვეულია, ხოლო პროექტის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream AG-მ უკვე წარუდგინა სადაზღვევო კომპანიებს 17 მილიარდი დოლარის მოთხოვნა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ (Nord Stream 2) არასოდეს ყოფილა სერტიფიცირებული და, შესაბამისად, ვერ იმუშავებდა და ვერ მოუტანდა მოგებას „გაზპრომს“, ამ 17 მილიარდს კი შეეძლო ნაწილობრივ მაინც აენაზღაურებინა პროექტში ჩადებული ინვესტიციები.

როგორ მოქმედებს რუსეთი

„ჩრდილოეთის ნაკადი“ - რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ კრემლის ენერგეტიკული ომის მთავარი იარაღი იყო, მწყობრიდან გამოიყვანეს ძალიან დიდი ხნით (თუ სამუდამოდ არა). ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე მიხაილ კრუტიხინი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთს ევროპის გაზით მომარაგებისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე აქვს სხვა მილსადენები, რომელთა ექსპლუატაციის რეჟიმი თვალსაჩინოს ხდის რუსეთის ენერგეტიკული ომის ტაქტიკასა და სტრატეგიას.

მიხაილ კრუტიხინი

  • „ჩრდილოეთის ნაკადი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობდა, ბოლო დროს კი თითქმის გაჩერებული იყო.
  • მილსადენი, რომელიც რუსეთს ფინეთთან აკავშირებს, ასევე უმიზეზოდ არის გაჩერებული.
  • იამალი-ევროპის გაზსადენი, რომელიც ბელარუსისა და პოლონეთის გავლით ბუნებრივ აირს აწვდიდა გერმანიას და, რომლის სიმძლავრე წელიწადში 33 მილიარდი კუბ. მეტრია, ასევე არ მუშაობს, რადგან რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა კონტრსანქციები პოლონური მონაკვეთის ოპერატორის წინააღმდეგ.
  • უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა - მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. არადა, უკრაინასთან სატრანზიტო შეთანხმების თანახმად, „გაზპრომმა“ აიღო ვალდებულება, ყოველდღიურად 167 მილიონი კუბური მეტრი გაზი ჩატუმბოს გაზსადენში, თუმცა ტუმბავს მხოლოდ 42 მლნ-ს. თავად „გაზპრომმა“ ოთხჯერ შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში ამ ტექნიკურად გამართული გაზსადენით

2 თურქული მარშრუტი:

  • I - „ცისფერი ნაკადი“, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს აშენდა და, რომელსაც წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მიწოდება შეუძლია. „ცისფერი ნაკადით“ მხოლოდ თურქეთი მარაგდება
  • II - „თურქული ნაკადი“ - შედგება ორი ტოტისგან, თითოეული დაახლოებით 16 მლრდ კუბ. მ სიმძლავრისაა. ერთი ტოტი - თურქეთს ამარაგებს, მეორე კი თურქეთიდან შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე, ბულგარეთში, სადაც მას უკვე „ბალკანეთის ნაკადი“ ჰქვია და მისი სიმძლავრე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრია. ამ გაზსადენით იღებენ ბუნებრივ აირს საბერძნეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და უნგრეთი

მიხაილ კრუტიხინის თქმით, „ბალკანეთის ნაკადზეც“ „საინტერესო“ ვითარება შეიქმნა, რადგან „თურქული ნაკადის“ ოპერატორმა ჰოლანდიურმა კომპანიამ პროექტი სანქციების გამო დატოვა.

„აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ამ მარშრუტითაც შეჩერდეს მიწოდება. როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ შესაძლებელია, რომ „გაზპრომმა“ შეწყვიტოს გაზის მიწოდება ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც მიბმული არიან „ბალკანეთის ნაკადს“, - ამბობს კრუტიხინი.

ევროპა არ გაიყინება

2022 წლის 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი მზად არის სრულად შეასრულოს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებებიო, თუმცა იქვე დაამატა, რომ არ დაემორჩილება ზეწოლას და მისთვის არახელსაყრელ პირობებსო.

„ზეწოლის შემთხვევაში რუსეთი უარს იტყვის ენერგორესურსების მიწოდებაზე, - განაცხადა პუტინმა, - არაფერს არ მივაწვდით: არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს, და არც არაფერს. ერთი რუსული ზღაპარი გამახსენდა, სადაც მელია მგელს ურჩევს, რომ ზამთარში კუდით მდინარეში თევზი დაიჭიროს. თვითონ კი გვერდზე მიუჯდება და იმეორებს: „გაიყინე, გაიყინე მგლის კუდო“. თუ ევროპელები ამ გზით წავლენ, ისინი საკუთარ თავს სწორედ ასე იგრძნობენ“.

ვლადიმირ პუტინი

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ, პუტინის მოლოდინისა და შელოცვების საწინააღდეგოდ, არ გაიყინებიან „მგლის კუდივით“, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა რუსეთზე ენერგოდამოკიდუბულების დასაძლევად. კერძოდ:

ნოვრვეგია - მთავარი იმედი - ნორვეგია ევროპასა და, მათ შორის, გერმანიას აწვდის ნავთობისა და გაზის რეკორდულ მოცულობებს. გერმანიისთვის ნორვეგია ამჟამად გაზის სიდიდით პირველი მიმწოდებელია. მასზე მოდის გერმანიის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 30%-ზე მეტი. ნორვეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გაზის ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამით ჩაანაცვალა გაზის იმპორტის ნაწილი რუსეთიდან.

წლების განმავლობაში ნორვეგიული სახელმწიფო კომპანია Equinor-ი სიდიდით მეორე მსხვილი მიმწოდებელი იყო ევროკავშირისთვის.

ალჟირული გაზი - ალჟირიდან ევროკავშირი (ესპანეთი, იტალია) ბუნებრივ აირს წყალქვეშა გაზსადენებით იღებს. ალჟირი გაზის სიდიდით მესამე მიმწოდებელია ევროკავშირისთვის. ალჟირში მდებარეობს ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი მსოფლიოში. საუბარია 4 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგზე. ალჟირს ასევე აქვს ნავთობის 1,5 მილიარდ ტონამდე მარაგი. ამ ქვეყანამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალში, როგორც სატრანზიტო სახელმწიფომ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გაზსადენის გაყვანა აფრიკიდან ევროპაში.

2022 წელს იტალიამ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ალჟირთან, 25 წლის ვადით ნახშირწყალბადების ერთობლივ მოპოვებაზე.

2022 წელს ალჟირი იტალიას 4 მილიარდი კუბური მეტრით მეტ გაზს მიაწვდის (ჯამში 21 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში).

იტალიამ ასევე წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ანგოლასა და კონგოს რესპუბლიკასთან თხევადი გაზის შესყიდვაზე.

თხევადი გაზის მცურავი ტერმინალები - კომპანია Uniper-მა 5 მაისს დაიწყო ვილჰელმსჰაფენში პორტის მშენებლობა თხევადი გაზის მცურავი ტერმინალის მისაღებად. ომის დაწყებამდე გერმანია იყო ევროკავშირის ერთადერთი დიდი ქვეყანა ამგვარი ტანკერების მისაღები ინფრასტრუქტურის გარეშე. გერმანიის მთავრობა აპირებს ექვსი ამგვარი გემის შეძენას (ორი წელსვე, დანარჩენები გაისად). საუბარია მოძრავ თხევადი გაზის ტერმინალებზე - სპეციალურ რეგაზიფიკაციის გემებზე (Floating Storage and Regasification Units, FSRU), რომელთა მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელია ზღვით მათი სწრაფად გადატანა სასურველ პუნქტამდე, რის შემდეგაც საკმარისი იქნება მხოლოდ გაზის სახმელეთო ინფრასტრუქტურასთან მიერთება.

თითოეული FSRU-ის სიმძლავრე წელიწადში საშუალოდ 5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ექვსივე, სრულად დატვირთული, ტერმინალი შეძლებს გერმანიას მიაწოდოს დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი აირი. 2021 წელს გერმანიაში გაზის მოხმარებამ დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, მაგრამ წელს და გაისად ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება გაზის უკიდურესად მაღალი ღირებულებისა და ენერგიის დაზოგვის ფართომასშტაბიანი კამპანიის გამო.

საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ჩრდ. მაკედონია - პორტ ალექსანდრუპოლისში ასევე აშენებენ თხევადი გაზის მცურავ ტერმინალს, რომელიც 2023 წლიდან 6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის ამ ქვეყნებს. იგეგმება მეორე ტერმინალის გაკეთებაც, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას მოამარაგებს.

რეგაზიფიკაციის მცურავი ტერმინალი (FSRU) "დამოუკიდებლობა".ლიეტუვა.

გაზის მიწისქვეშა საცავების შევსება - Rehden-ი - 4,2 მილიარდი კუბ. მეტრი მოცულობის მიწისქვეშა საცავი, რომელიც გაზპრომის საკუთრება იყო, 30 აპრილიდან გერმანიის მთავრობის ხელში გადავიდა. შესაბამისად, ამ დროიდან დაიწყო მისი შევსება. აგვისტოს ბოლოს საცავი უკვე შევსებული იყო 61%-ით, მაშინ როცა აპრილის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,5%-ს შეადგენდა.

პოლონეთი სრულად გათავისუფლდა რუსული გაზისგან - პოლონეთი, რომელსაც რუსეთმა შეუწყვიტა გაზის მიწოდება, მის ნაცვლად, საჭირო 10 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს Baltic Pipe-ის გაზსადენით ნორვეგიიდან დანიის გავლით. ამ გაზსადენის ყველაზე რთული - ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების ფსკერზე გამავალი - მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა 2021 წელს.

ბალტიის ქვეყნები - 5 მაისს გაიხსნა 500 კმ-იანი ინტერკონექტორი GIPL, რომლის სიმძლავრე 2 მლრდ კუბ. მეტრია და, რომელიც გერმანიის ქსელთან მიერთებულ პოლონეთის გაზის სისტემას აკავშირებს ლიეტუვის სისტემასთან, ეს უკანასკნელი კი დაკავშირებულია ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის სისტემებთან. ამგვარი კავშირი იძლევა საჭირო მოცულობების ოპერატიული გადასროლის საშუალებას ევროკავშირის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის.

საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი გაზსადენის გახსნის ოფიციალური ცერემონია. 2022 წლის 1 ოქტომბერი

ბულგარეთი - ბულგარეთი რამდენიმე კვირაში აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. 182-კილომეტრიანი მილსადენი ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის ქალაქ კომოტინიდან იღებს სათავეს და ბულგარეთის გაზის სისტემას სტარა ზაგორში უერთდება. მილსადენის საწყისი სიმძლავრე 3 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდა 5 მლრდ კუბურ მეტრამდე.