ლიმანის დაკარგვამ რუსეთის არმიის სარდლობისადმი ნდობა შეარყია 

ლიმანი. 2 ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ წითელი ლიმანის დაკავებამ, რომელიც კრემლის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიას დაემთხვა, - კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის თავდაცვის უზრუნველყოფის მხრივ დაშვებული კომპლექსური შეცდომების გამო.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი რუსი გენერლის მხედართმთავრულ ნიჭზე დიდი აზრისა არც მანამდე იყო, წითელი ლიმანიდან რუსეთის ჯარების უკან დახევისთვის პასუხისმგებლობას ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, რუსეთის გმირ გენერალ ალექსანდრ ლაპინს აკისრებს.

„ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგითობამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში, ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი, რომ სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა“, - წერს კადიროვი.

ასევე ნახეთ კადიროვმა ლიმანიდან უკან დახევაში გენერალ-პოლკოვნიკი ლაპინი დაადანაშაულა

თუმცა გენერალ ლაპინს იცავს და უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს მიიჩნევს მთავარ დამნაშავედ სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი (გირკინი).

და სანამ რუსეთში იმაზე მიდის სჯა-ბაასი, თუ ვინ არის დამნაშავე წითელი ლიმანის დაკარგვაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ერთი თვის წინ წამოწყებულ მასშტაბურ კონტრშეტევას და 2 ოქტომბერს კონტროლი დაამყარეს სოფელ ტორსკოეზე, რომელიც დონეცკის ოლქის ლიმანის თემში მდებარეობს.

„გუშინ იყო [უკრაინის] აღლუმი იზიუმში, დღეს დროშა აღიმართა -ლიმანში, რა იქნება ხვალ?“

დონეცკის ოლქის ქალაქ წითელ ლიმანთან რუსეთის არმიის უკანდახევის გამო, რუსეთის სარდლობა საჯაროდ ყველაზე პირველად და ყველაზე მწვავედ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა. ტელეგრამით გავრცელებულ ვრცელ პოსტში, კადიროვმა ქალაქის დაკარგვაზე პასუხისმგებელობა დააკისრა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს, რომელსაც, როგორც კადიროვი ამტკიცებს, გმირის ვარსკვლავიც კი დაუმსახურებლად მიუღია.

„ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი. ეს ის ლაპინია, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმც კი რეალურად ის იქ არ ყოფილა“, - წერს კადიროვი ტელეგრამზე და აფრთხილებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ არმიაში გამეფებული ნეპოტიმზი ქვეყანას ხეირს არ დააყრის.

„მე არ ვიცი, თუ რას ახსენებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, მისაღებია უფრო რადიკალური ზომები, საზღვრისპირა ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით. არ არის საჭირო ყველა გადაწყვეტილების მისაღებად ანგლო-ამერიკული თანამეგობრობის აზრის გათვალისწინება - მან ისედაც ბევრი თქვა და გააკეთა ჩვენ საწინააღმდეგოდ. გუშინ იყო [უკრაინის] აღლუმი იზიუმში, დღეს დროშა - ლიმანში, ხვალ რა იქნება? ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასე ცუდად რომ არ იყოს“, - წერს რამზან კადიროვი.

ქალაქ წითელ ლიმანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მძლავრი კონტრიერიშით რუსეთის საუკუპაციო ძალები განდევნეს კიევის, ხარკოვისა და ლუგანსკის არაერთი ქალაქიდან და დასახლებული პუნქტიდან. მათი არასრული სია ტელეგრამის ხელმომწერებს შეახსენა

სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა (გირკინმა), რომელიც რუსეთის არმიის წარუმატებლობაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებს.

„დააკვირდით ამ ინტელექტუალის უანგარო, მორცხვ სახეს. არა გენერალი ლაპინი, რომელიც, როგორც წერენ, ასევე არ წყვეტს ცაზე ვარსკვლავებს, - არამედ ეს ამხანაგი უნდა იქნეს „განდიდებული“ ყველა ჩვენი გამარჯვებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს კიევის, სუმის, ჩერნიგოვის ოლქების „დეესკალაციით“ დაწყებული, გაგრძელებული „წარმატებული გადაჯგუფებით“ ბალაკლეიდან, იზიუმიდან, კუპიანსკიდან და ვოლჩანსკიდან და დამთავრებული ლიმანიდან უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გასვლით“, - წერს ირონიით რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსზე იგორ სტრელკოვი, რომლის პოსტსაც გენერალ გერასიმოვის ფოტოც თან ერთვის.

„საფრთხე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასაც ემუქრება“

წითელი ლიმანის დაკარგვის შედეგად რუსეთის არმიის სამხედრო ხელმძღვანელების მისამართით გაკეთებულ ხმამაღალ კრიტიკულ განცხადებებზე ყველას კრემლის პასუხი აინტერესებდა.

ზოგადად ითვლება, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემა არ მიესალმება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბრალდებებს და მსგავს კრიტიკას სხვების მიმართ. მეტიც, მათ, ვინც არ ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის ლიდერებისა და გენერლების ქმედებებს სპეცოპერაციის დასაწყისში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ უწოდეს მოღალატეები.

მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მოღალატედ გამოცხადება კრემლს ასე იოლად არ შეუძლია. თანაც, როგორც გაირკვა, ჩეჩნეთის მეთაურის მიერ გამოთქმულ კრიტიკას მხარი დაუჭირა ცნობილმა ბიზნესმენმა, „პუტინის მზარეულად“ წოდებულმა ევგენი პრიგოჟინმა, რომლის სახელსაც რუსეთის და დასავლეთის მედია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობას უკავშირებს. „კადიროვის ექსპრესიული გამონათქვამები, ცხადია, სრულიადაც არ შეესაბამება ჩემს სტილს. მაგრამ შემიძლია ვთქვა: „რამზან, მაგარი ტიპი ხარ, მიაწექი“, - ავრცელებს პრიგოჟინის სიტყვებს მისი პრესსამსახური.

3 ოქტომბერს რამზან კადიროვის კრიტიკას მოკლე კომენტარით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს მძიმე მომენტებში „ემოციური შეფასებებისგან“ თავის შეკავება ურჩია.

„ძალიან ემოციური მომენტია. რეგიონების მეთაურებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი თვალსაზრისი და გააკეთონ შეფასება. მან [კადიროვმა] დიდი წვლილი შეიტანა სპეცოპერაციაში. სხვა საქმეა, რომ მძიმე მომენტების დროს შეფასებებში ემოციები უნდა გამოირიცხოს“, - წერს ტელეგრამის გავრცელებულ კომენტარში პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი.

მაგრამ ემოციებისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება არ აკმაყოფილებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მყოფ რუს სამხედრო ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დღეებში ბევრს წერენ იმ პრობლემებზე, რასაც რუსი სამხედროები ბრძოლის ველზე აწყდებიან.

„აქ იგულისხმება ძალების უკმარისობა, თავდაცვის ორგანიზების დროს ზოგიერთი სამხედრო მოხელის მიერ დაშვებული შეცდომები, ე.წ. პიატისოტების არსებობა (ასე რუსეთის არმიაში მოიხსენიებენ კონტრაქტით დაქირავებულებს, რომლებიც ბრძოლაზე უარს აცხადებენ და ბრძოლის ველიდან გარბიან - რედ.), სხვადასხვა სახმელეთო დანაყოფს შორის კოორდინაციის არარსებობა, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების უკმარისობა და სხვა“, - წერს გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრ კოცი.

იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ქალაქ წითელი ლიმანის მიმართულებით მოპოვებული გამარჯვებით ფრთაშესხმული მოწინააღმდეგე მიღწეული წარმატების განვითარებას შეეცადოს და სვატოვოს, ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებითაც განავითაროს კონტრშეტევა.

„ეს უკვე გახლეჩის საფრთხეს უქმნის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც, როგორც წითელი ლიმანი, ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას წარმოადგენს“, - წერს გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრ კოცი.

ფრონტის ხაზზე უახლოესი კვირები რუსეთის არმიისათვის მძიმე რომ იქნება, ამას არც რუსეთის სახტელერადიო კომპანია „როსიას“ სამხედრო კორესპონდენტი, ევგენი პოდდუბნი უარყოფს, რომელმაც სპეციალური 8-წუთიანი რეპორტაჟი მიუძღვნა ლიმანში რუსეთის არმიის მარცხს.

„უახლოესი რამდენიმე კვირა ფრონზე ძალიან მძიმე იქნება, სანამ არ ჩამოსულა რეზერვი და სანამ არ გამოფიტულა მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანი ძალები. მობილიზაცია რუსეთში უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ბრძოლებში მობილიზებულთა ახლავე ჩაბმა სასწავლო კურსებისა გავლისა და მწყობრში ჩადგომის გარეშე, იქნება შეცდომა, რომელიც ძვირად დაგვიჯდება. ამიტომ ჯერჯერობით რუსეთის შეიარაღებული ძალების მთელი დაჯგუფება საჩქაროდ ცდილობს თავდაცვის ხაზის შექმნას კრემენაიას რაიონში, რათა არ მისცეს კიევის რეჟიმის ფორმირებებს შესაძლებლობა, რომ განავითარონ წარმატება და დაიძრან სევეროდონეცკის აგლომერაციისკენ“, - ამბობს კრემენაიაში მყოფი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ევგენი პოდდუბნი.

კრემლის მომხრე ტელეგრამის არხები ადასტურებენ უკრაინული სარდლობის ცნობებს, რომ რუსებმა, წითელი ლიმანიდან უკან დახევის შემდეგ, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და ფეხის მოკიდება მეზობელ დასახლებებში. მათი აზრით, ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი მიზანი ოკუპანტებისგან ქალაქ სვატოვოს გათავისუფლებაა.

  • ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოზე კონტროლი რუსეთის არმიამ უკრაინაში რუსეთის მასშტაბური შეჭრიდან მალევე, 2022 წლის 6 მარტიდან დაამყარა.
  • 24 თებერვლიდან მიმდინარე ინტერვენციას მეზობელ უკრაინაში, რუსეთი უწოდებს „სპეცოპერაციას დონბასში“, რომელიც უკრაინის სეპარატისტული, რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების თხოვნით დაიწყო. მაგრამ პირველ დღესვე, რუსეთის არმია უკრაინის სიღრმეში შეიჭრა და დონბასს გარეთ არაერთ ქალაქზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც მიიტანა იერიში.
  • 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, კრემლში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ასევე ნახეთ კრემლში ხელი მოაწერეს უკრაინის კუთვნილი ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას

  • ორშაბათს, 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმამ კრემლში ხელმოწერილი ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს ფედერაციის საბჭო და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.
  • კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარვე თქვეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ხოლო აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს მას შემდეგ, რაც მოსკოვში ხელი მოეწერა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთისთვის მიერთების ხელშეკრულებებს.

სანქციების სიაში არის რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა.