„შემომხედე, ასეც ლამაზი ვარ“ - ცხოვრება განსხვავებული გარეგნობით

ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, ქუჩაში ბიჭების ჯგუფმა ჩამიარა, ერთმა შემომხედა და სიცილი დაიწყო - შეხედეთ, შეხედეთ, ბაკურიანის ტრამპლინს არ მიუგავს ცხვირიო? ზუსტად ასე თქვა. ყველამ ერთად მოიხედა და მომაშტერდა. ხარხარით გამშორდნენ. იმ საღამოს სარკეში ცხვირი დიდხანს ვათვალიერე. ოც წელზე მეტი გავიდა, ამ ამბავს დღეს უკვე სიცილით ვიხსენებ, მაგრამ ეს ნათქვამი არასოდეს დამვიწყებია.

თუ მე მხოლოდ იმიტომ დამცინეს, რომ მათი აზრით, იდეალური ფორმის ცხვირი არ მქონდა, რას განიცდიან სხვები, ვისაც გამოკვეთილად განსხვავებული გარეგნობა აქვს, ვინც "ფიზიკური ნაკლით" იბადება ან რაიმე შემთხვევა ცვლის მის გარეგნობას? რა რთულია გაუძლო უმრავლესობის დაწესებულ სტანდარტებს და თუ რამე მიზეზით, ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ, აიტანო ხან ღია და ხანაც შეფარული დაცინვა.

ამ სტატიაში იმ ადამიანების ამბებს ვყვები, რომლებმაც გარეგნობის გამო არაერთი დაბრკოლება გადალახეს და დღეს ამაზე ღიად ლაპარაკობენ.

მარიამის ამბავი - "ჩემი ახალი ცხოვრება"

ეს მარიამ ტატანაშვილია, გოგო, რომელიც რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა და თქვა: ეს მე ვარ, მარიამი და ასეც ლამაზი ვარ.

მარიამის გარეგნობა ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ მთლიანად შეიცვალა.

მარიამ ტატანაშვილი

გიფიქრიათ, რა ხდება მაშინ, როცა ერთ წამში იცვლება თქვენი ცხოვრება? ამ წამის შემდეგ კი ორი თვე სამყაროს ეთიშები და როცა ისევ უკან ბრუნდები, შენ - შენ აღარ ხარ? როგორ შეიძლება ამ ცვლილებას შეხვდეს 18 წლის გოგო - მილიონი გეგმით და ოცნებით?

მარიამის ცხოვრებაც ზუსტად ასე, ერთ წამში შეიცვალა წელიწად-ნახევრის წინ.

დღეს ის თავის შეცვლილ სახეს ვერ ხედავს, იმიტომ რომ მრავალ დაზიანებასთან ერთად, მხედველობაც დაკარგა და წინ კიდევ არაერთი ოპერაცია ელის.

„წარმოსახვის კარგი უნარი მაქვს, დაახლოებით ვხვდები როგორ გამოვიყურები, - მეუბნება ის, - ვიცი, რომ ექვს თითს ვერ დავიბრუნებ, მაგრამ ვისაც ოცი თითი აქვს და არა ჩემსავით 14, რით მაჯობებს? გარეგნობასაც ეშველება. 21-ე საუკუნეა. მთავარია, ამ ყველაფერს როგორ შეხედავ“.

მასაც დრო დასჭირდა, რომ თავისი „ძველი, ლამაზი თავი“ დაევიწყებინა და ის ისეთი მიეღო, როგორიც ახლაა.

დრო დასჭირდა იმისთვისაც, რომ ავარიის შემდეგ თავისი მეგობრები ენახა. ადამიანებს დალაპარაკებოდა და, რაც მთავარია, საჯაროდ გამოჩენილიყო.

დღეს მას სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავს და იმ ადამიანების რიცხვიც იზრდება, ვისთვისაც მარიამი მაგალითად იქცა.

„როცა მეუბნებიან, რომ მე ისინი გავათავისუფლე, რომ ისინი ჩრდილიდან გამოვიდნენ, ეს მეც ძალას მაძლევს“.

ამ ვიდეოში მარიამი თავის ამბავს გვიყვება - ბრძოლაზე, სირთულეებზე, იმაზე, რა გადალახა და რა ვერ, რისი სჯერა და დღეს რაზე ოცნებობს. მან ზუსტად იცის, თუ საკუთარი თავი არ ეყვარება ისეთი, როგორიც არის, მაშინ მასზე ყველა დაცინვა და მწარე რეპლიკა იმოქმედებს და მისი ცხოვრება ვერ იქნება ისეთი, როგორზეც ოცნებობს.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამის ახალი ცხოვრება

გიორგის ამბავი - "მე განსხვავებული ვარ"

ხანდახან ყველაფერი დაბადებიდანვე იწყება. უბრალოდ სხვანაირი იბადები და შენი ბრძოლაც დანარჩენ საზოგადოებასთან, მათ დამოკიდებულებებთან ბავშვობიდანვე იწყება, როცა ჯერ კარგად არც კი იცი, ასე რატომ გაკვირდებიან.

გიორგი თედეევი ხუთი წლის იყო, როცა პირველად აღმოაჩინა, რომ გარეგნულად სხვებისგან განსხვავდებოდა. მის მეგობრებს არ ჰქონდათ მისნაირი ხალი სახეზე, მათ არავინ აშტერდებოდა და მათკენ არავინ იშვერდა თითს.

გიორგი თედეევი

ამ განმასხვავებელი ნიშნის გამო, მის ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო მომენტიც ყოფილა - სკოლაშიც, მას მერეც. უარი სამსახურზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე. საკუთარი თავის ასეთად მიღებას დიდი დრო და შინაგანი ბრძოლები დასჭირდა.

დღეს ის 32 წლისაა და დროდადრო მაინც უწევს პასუხის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სილამაზე საყოველთაოდ მიღებულ და საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებში ჯდება.

„მაინც ვიღლები - მე ერთი ვარ, ისინი კი ბევრნი“, - გვეუბნება გიორგი თედეევი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოცნებობს იმ დღეზე, როცა ოპერაციას გაიკეთებს და ჰემანგიომას მოიშორებს.

ოპერაცია, როგორც გიორგი ამბობს, ძვირია და ის უცხოეთში უნდა გაკეთდეს. დღეს ეს თანხა არა აქვს, მაგრამ იმედი არასოდეს გადაწურვია, რომ ამ ფულს შეაგროვებს.

Your browser doesn’t support HTML5

განსხვავებული სახე

ქეთევანის ამბავი - "ჩემს ზურგს უკან"

ცოტა ხნის წინ, ხერხემალზე მეოთხე ოპერაციის გაკეთების შემდეგ, ქეთევან საქარელმა თავისი ამბავი საჯაროდ დაწერა ფეისბუკზე.

„ეს პოსტი ხერხემლის გამრუდებაზეა... დესმე უფრო ვრცლადაც დავწერ, როგორ ვიცხოვრე სკოლიოზით“, - წერდა ის. მისი ეს საჯარო სტატუსი უფრო სამედიცინო გამოცდილებასა და მისი ოპერაციების ამბავს ეხებოდა, იმ სირთულეებს, რასაც ის ბავშვობიდან საქართველოში შეხვდა, სანამ პროფესიონალ ექიმს იპოვიდა.

მაგრამ სკოლიოზთან მისი მრავალწლიანი ბრძოლის, ოპერაციების უკან იყო კიდევ ბევრი სხვა დაბრკოლებაც, ხალხის დაჟინებული მზერა, „ვერ გათხოვდები“ ფრაზები.

ამ ინტერვიუში ქეთევან საქარელი ჰყვება იმაზე, როგორია ცხოვრება მაშინ, როცა ხერხემლის გამრუდებას ფიზიკურ ნაკლად გითვლიან, პაციენტებს კი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, „პირდაპირ სამარე აქვთ გამოწერილი გასასწორებლად“.

Your browser doesn’t support HTML5

ქეთევან საქარელი გარეგნობის ტაბუზე

„მენტალ ჰაბის“ ფსიქოთერაპევტს მელანია ჩარგაზიას ბოლო ათი წლის განმავლობაში არაერთი ისეთი პაციენტი მიუღია, ვინც ცდილობდა გამკლავებოდა საზოგადოების სტიგმას. ბევრი მათგანი, ხშირად, დაწესებულ ნორმებს პირდაპირ მითითებად იღებს და პრობლემაც მაშინ ჩნდება, თუ მას ვერ ასრულებს.

„ხშირად ყველას უნდა იყოს მაღალი, გამხდარი, ლამაზი თმა ჰქონდეს... ეს მხოლოდ ქალებს არ ეხება. ბევრი კაციც ღელავს ამაზე. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ მათ განსხვავებული, არასტანდარტული გარეგნობა აქვთ, ისინი ხშირად ხდებიან დაცინვის, ბულინგის მსხვერპლები“.

განსაკუთრებით მძიმედ გასავლელი სკოლის პერიოდია, როცა თავდაცვა რთულია, შენს განსხვავებულ გარეგნობას კი შესაძლოა, უამრავი უსიამოვნო კომენტარი მოჰყვეს. ასეთ დროს, ხშირად გადამწყვეტია, რას ეუბნება ბავშვს მშობელი და როგორ იცავს მას სკოლაში მასწავლებელი.

„ეს ძალიან კარგად უნდა იყოს ახსნილი, თუმცა ხშირად პირიქით ხდება. და თუ ასეთ ადამიანს საზოგადოებისგან, ოჯახისგან, მასწავლებლისგან ესმის, რომ ის „უშნოა“, „არასასურველია“, მერე თავადაც ასე იწყებს ფიქრს, იჯერებს ამას და მისი თვითშეფასება იმდენად ეცემა, რომ სულ აქვს განცდა, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს“.

ეს განცდა ხშირად უშლით მათ ხელს ურთიერთობებში, ფიქრობენ, რომ რაღაც კონკრეტული ნაკლის გამო, მათზე ყველა უარს იტყვის, არ იმეგობრებენ, არ შეიყვარებენ, სამსახურში არ მიიღებენ.

მელანია ჩარგაზია გვეუბნება, რომ ასეთ დროს, გადამწყვეტია გვერდით მდგომი ადამიანების თანადგომა - მათზეა დამოკიდებული, ადამიანი დაიმალება თუ ისე იცხოვრებს, როგორც სხვები.

რა საჭიროა, ყველანი ვიყოთ ლამაზები?

ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ოქსფორდის სტუდენტურ გაზეთში დაიბეჭდა 2020 წელს. ასეთი სათაური ჰქონდა - „რატომ არ ვართ ყველანი ლამაზები (და ეს კარგია)“.

პირველივე ფრაზა ჩამრჩა გონებაში - „სიმახინჯეა ის, როგორც საზოგადოება აღიქვამს სილამაზესო“. სტატიის ავტორი, ლილი კერშოუ წერდა, რომ ადამიანების ხშირად არაცნობიერ, მიკერძოებულ დამოკიდებულებას სილამაზესთან ძალიან რეალური შედეგები მოჰყვება სხვა ადამიანებისთვის.

„იმის მაგივრად, რომ ვთქვათ, როგორი ლამაზები ვართ ყველანი, რატომ არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ყველა შეიძლება არ ვიყოთ გამორჩეული გარეგნობის და რომ სილამაზეც უმნიშვნელოა?“.

მართლაც, რატომ უნდა ვიყოთ აუცილებლად ყველანი ლამაზები? ვინ დაადგინა და რატომ ვემორჩილებით ამ მითითებას, რომელსაც იძლევა საზოგადოება, მედია. ამ კითხვებზე ეძებს პასუხებს მანონ დებაიც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიაში. ის ჰყვება, ერთ დღეს, ერთ-ერთი შენობის ფასადზე დაკიდებულ გიგანტურ სარკეში როგორ დაინახა საკუთარი თავი ისე, როგორც მას ყოველდღე სხვები ხედავდნენ: „მე არ ვიყავი ლამაზი“, წერს ავტორი.

ის იხსენებს თავისი თინეიჯერობის ყველაზე დიდ ოცნებას, როგორ სურდა ყოფილიყო ლამაზი და რომ ეს, მისი აზრით, ნიშნავდა „ძალაუფლების ქონას“ სხვებზე.

წლებთან ერთად მისი საზრუნავები შეიცვალა და მანაც დაიწყო ფიქრი სხვანაირად - ჯერ ცდილობდა, საკუთარი თავი შეეყვარებინა და დაერწმუნებინა იმაში, რომ ისიც ლამაზი იყო...

მაგრამ ერთ დღეს დაფიქრდა: რა მოხდებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო და თავი დაერწმუნებინა, რომ სულაც არ იყო ლამაზი და უნაკლო?

„მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ისეთ სამყაროში გაზრდა, სადაც ლამაზად ყოფნა არ იქნებოდა აუცილებლობა. ყველა ლამაზიაო, კი გვეუბნებიან, მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ ყველანი ლამაზები?“