უკრაინის ძალები წინსვლას განაგრძობენ ლიმანის არეალში, იმატებს რუსეთის დანაკარგები

უკრაინის ძალები ლიმანის გათავისუფლების შემდეგ, 2 ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინის არმია აცხადებს, რომ მისი ძალები განაგრძობენ წინსვლას დონეცკის რეგიონში, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მათ სრულად დაამყარეს კონტროლი აღმოსავლეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე, პარალელურად იზრდება რუსეთის მხარის დანაკარგები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრესმდივნის, სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის ძალებმა 2 ოქტომბერს გაათავისუფლეს ლიმანთან ახლოს მდებარე ტორსკეს დასახლება და "ცეცხლით" უტევენ რუსეთის სამხედრო დანაყოფებს კრემინაში, ლუგანსკის რეგიონში.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 3 ოქტომბერს აცხადებს, რომ რუსეთმა წინა დღეს დაკარგა 320 ჯარისკაცი, მათი უმრავლესობა კრამატორსკისა და ბახმუტის არეალებში.

უკრაინის თანახმად, თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა, საერთო ჯამში, დაკარგა 60 400 სამხედრო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები იმ დროისთვის უტოლდებოდა 5937 ჯარისკაცს. არცერთი ამ მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

3 ოქტომბერს ასევე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ძალები იბრუნებენ ქალაქებს დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, ქვეყნის სამხრეთში. უკრაინის წინსვლის მასშტაბი დადასტურებული არ არის, კიევი ჯერჯერობით სიჩუმეს ინარჩუნებს ამ არეალში არსებულ ვითარებაზე. თუმცა, რუსი სამხედრო ბლოგერები აღწერენ უკრაინის სატანკო წინსვლას ათობით კილომეტრით, სანაპიროს გასწვრივ.