კრემლმა ვერ ახსნა, რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლმა ვერ ახსნა, რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია. ამის თაობაზე ორშაბათს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვი „კონსულტაციებს გააგრძელებს რეგიონების მოსახლეობასთან“.

ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. მანამდე მანვე მოაწერა ხელი ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას, იქ მოსკოვის კონტროლით გამართული რეფერენდუმების საფუძველზე.

არც პუტინის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებში, არც მის ბრძანებულებებში, არც რეფერენდუმის შეკითხვებში არ არის აღნიშნული, ეს ტერიტორიები საოკუპაციო ხელმძღვანელობას რა საზღვრების ფარგლებში გამოჰყავს უკრაინის შემადგენლობიდან და ახდენს მათ ანექსიას.

რეფერენდუმებამდე ხერსონის ოლქში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთს უერთდება რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ მყოფი ნიკოლაევის ოლქის ნაწილი.

ზაპოროჟიეს ოლქის უდიდესი ქალაქი ზაპოროჟიე ომის დაწყებიდან მოკიდებული უკრაინის კონტროლქვეშაა. 24 თებერვალს რუსეთის ჯარების შეჭრამდე მასში რეგიონის მოსახლეობის 43%-ზე მეტი ცხოვრობდა.

შეკითხვაზე, მოსკოვის თვალსაზრისით, არის თუ არა რუსეთის ნაწილი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ის ტერიტორიები, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, პესკოვმა თქვა: „მე ახლა ვერაფერს დავამატებ“. მისი სიტყვებით, საზღვრების თაობაზე არსებობს ცალსახა პასუხი: „ჩვენ განვაგრძობთ თათბირს იმ ხალხთან, ვინც ამ ოლქებში ცხოვრობს“.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს კიევი მიერთებულად მიიჩნევს 2014 წლის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი მას შემდეგ კიევის კონტროლქვეშ რჩება, უკრაინის არმია იქ წარმატებულ კონტრიერიშს აწარმოებს.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ კვლავაც ეცდება, რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლოს ტერიტორიები და არ აღიარებს რეფერენდუმებსა და ანექსიას. 3 ოქტომბრის მდგომარეობით ისინი რუსეთის გარდა არ უღიარებია მსოფლიოს არცერთ ქვეყანას.