საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს, 3 ოქტომბერს, სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".
ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია, მათ შორის:
- "საუბარია მედიაგავლენაზე;
- პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
- მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
- საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".
ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე "ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება".
"ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად".
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი.
"პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", - ამბობს ოხანაშვილი.
ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება კომიტეტს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაცია - საშვი ევროკავშირში? რა ხდება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოშიევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.