ზელენსკი: როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსეთის ფარსი და ანექსია აღარავის ახსენდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის დამცველებს გაცილებით დიდი წარმატება აქვთ, ვიდრე მხოლოდ ქალაქ ლიმანის გათავისუფლებაა. 2 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ მედიაში განსაკუთრებული ინტერესი ლიმანის გათავისუფლებამ გამოიწვია, თუმცა, თავდაცვის ძალების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სამხედროებისგან ყოველდღე, სულ მცირე ორჯერ იღებს ანგარიშებს და კვირის განმავლობაში ამ ანგარიშების უდიდესი ნაწილი ეთმობოდა მტრისგან გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს.

როგორც ზელენსკიმ თქვა, ახლახან, ვიღაცამ სადღაც ჩაატარა ფსევდორეფერენდუმები, მაგრამ, როცა იქ უკრაინის დროშა ბრუნდება, „რუსეთის ფარსი რაღაც ქაღალდებით და რაღაც ანექსიებით, აღარავის ახსენდება“.

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა, დე ფაქტო ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად.

ასევე ნახეთ ორი კაცი ურნით, ორი ავტომატებით - როგორ ატარებენ რეფერენდუმს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

30 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი ანექსირებულად გამოაცხადა. მეორე დღეს, 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმიამ გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუს სამხედროებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდა.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქალაქ ლიმანის დაკარგვა, ჯარი ქალაქს ტოვებს - მნიშვნელოვანი გამარჯვება უკრაინისთვის