ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სენაკის საკრებულოს ერთ მაჟორიტარულ ოლქში, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მოიგო. ამ შედეგით ამ პარტიას უკვე შეუძლია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის შექმნა და თავმჯდომარის არჩევა.
არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44,26% - 1021 ადამიანი.
ხმები ასე გადანაწილდა:
- ზაზა ყურაშვილი - 962 ხმა, 96,68%;
- მამუკა ტუსკაძე - 33 ხმა, 3,32%.
"ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა საშუალება კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა", - თქვა ცესკოს სპიკერმა.
სენაკის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატს ზაზა ყურაშვილის ერთადერთ კონკურენტი "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, მამუკა ტუსკაძე ჰყავდა. მან დღეს მედიას უთხრა, რომ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა.
ასევე ნახეთ "იმედია, 2%-ზე მეტ ხმას მივიღებ" - "ქართული ოცნების" ერთადერთი კონკურენტი სენაკშიდანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს: "ნაციონალურ მოძრაობას", "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" ამ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ დაუსახელებიათ, რადგან მიაჩნიათ, რომ საკრებულოს სრული შემადგენლობა ახლიდან არის ასარჩევი.
ასევე ნახეთ "არ მონაწილეობენ, რადგან იცოდნენ, დამარცხდებოდნენ" - სენაკში "ოცნების" კანდიდატი კონკურენტებზესენაკის საკრებულოში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს თავს არიდებს.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს; აქედან 13 - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ხოლო 4 - გიორგი გახარიას პარტიას.