სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ზაზა ყურაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში დამარცხდებოდნენ. მას შუალედურ არჩევნებზე ერთადერთი კონკურენტი ჰყავს.
ყურაშვილი ხმის მისაცემად სენაკის 41-ე საარჩევნო უბანზე მივიდა და მედიასთან ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ დაასახელეს კანდიდატები ოპოზიციურმა პარტიებმა. ამომრჩევლები დღეს, 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ასევე ნახეთ სენაკში შუალედური არჩევნები ტარდება"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში... დღევანდელი შედეგით ჩვენ დავადასტურებთ და შევქმნით ყველა პირობას, რომ ეს ყველაფერი იქნეს წარმართული, როგორც ჩვენ საკრებულოს გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას. ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას, რადგან პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყვნენ განწირული", - აღნიშნა ზაზა ყურაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებზე მის ერთადერთ კონკურენტს, პოლიტიკური მოძრაობის „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძეს, ის სენაკში რეგისტრირებული არ იყო, თუმცა დროებით, ხმის მისაცემად დარეგისტრირდა.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა”, "გახარია საქართველოსთვის” და “ლელო” არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ. მათ მიაჩნიათ, რომ სენაკში არა შუალედური, არამედ, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ექვს თვეზე მეტია საკრებულო ვერ იკრიბება.
ასე ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც", რომელმაც შუალედური არჩევნების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია არ გაიზიარა.
სენაკის საკრებულოში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს თავს არიდებს.
ოპოზიცია წურწუმიას შემთხვევაში ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე საუბრობს. წურწუმიას წასვლის შემდეგ საკრებულოში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა გათანაბრდა და 16-16 გახდა. საკრებულოს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარე, სასამართლომ გააუქმა საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ირაკლი კაჭარავას არჩევის გადაწყვეტილება.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს; აქედან 13 - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ხოლო 4 - გიორგი გახარიას პარტიას.