„საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები" - წერს სააკაშვილი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე

ფოტო არქივიდან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ წერილს აქვეყნებს სათაურით „ტყვეობის 365 დღე".

ყოფილი პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იყოს.

„ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა-როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ,როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!...ამას ვამბობ,როგორც მთავარსარდალი,რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები აღარ აინტერესებს.

„საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში,სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან.

თავისუფლება, ან სიკვდილი!" - აცხადებს ის.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.