ბრიტანელი სამხედრო ფოტოგრაფისთვის, მაიკლ გოლდუოთერისთვის აფხაზეთი პირველი ომი იყო. რადიო თავისუფლებას მან საკუთარ უნიკალურ ფოტოებთან ერთად ზვიად გამსახურდიასთან, ედუარდ შევარდნაძესთან, მათ მომხრეებსა და აფხაზეთიდან მასობრივად გამოსულ ქართველებთან ურთიერთობის ასევე უნიკალური გამოცდილება გაუზიარა.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ - და ის გავიხსენოთ, საქართველოში როგორ მოხვდით. 90-იანების საქართველო ნამდვილად არ იყო მსოფლიოს რადარზე, როგორც ტურისტული დანიშნულება...
მაიკ გოლდუოთერი: შეიძლება ტურისტებისთვის არ იყო, მაგრამ სამხედრო - ომის ფოტოგრაფისთვის - პირიქით. აფხაზეთი ჩემი პირველი ომი იყო - საბჭოთა კავშირით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული, უფრო სწორად იმით, თუ რა მოჰყვებოდა მის დაშლას. მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, რომ პირველი უკრაინა იქნებოდა, სადაც ომი დაიწყებოდა - რამდენიმე დეკადით დავაგვიანე... ამიტომ პირველად უკრაინაში წავედი, „უნიანის“ [მაშინ იატაკქვეშა ნაციონალისტური დაჯგუფება უკრაინაში - რ. თ.] თემას ვაშუქებდი. კარგი ფოტორეპორტაჟი გამომივიდა. 80-იანებში ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად სააგენტო შევქმენი, მონდომებულები, ენთუზიაზმით სავსენი ვიყავით - არსად წასვლის არ გვეშინოდა და რეპუტაციაც მალე დაგვიმკვიდრდა.
შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო საქართველოში, ალბათ ტრაგედია იქნება სწორი სიტყვა ამ ყველაფრის აღსაწერად, და ეს ტრაგედია დაწერილი იყო რუსეთის ხელით, მის მიღმა იკითხებოდა რუსეთის პოლიტიკური ინტერესები. გადაჭრით ალბათ მხოლოდ ამას თუ იტყვის კაცი, რადგან რა ხდებოდა თავად საქართველოში, ვის რა უნდა მოეკითხოს, რთული სათქმელია - პოლიტიკა აბურდული საქმეა, სხვადასხვა მხარით, სხვადასხვა ინტერესით, ძნელია მტყუან-მართლის გარჩევა და რაიმეს გადაჭრით მტკიცება. მოკლედ, მივადექი ჟურნალ „ინდეპენდენტს“ და ვუთხარი: ასე და ასე, ასეთი რამ ხდება, თუ გამიშვებთ, წავალ, გავაშუქებ. მწვანე შუქი ამინთეს.
გამოვძებნე კონტაქტები მაშინდელ პრეზიდენტ შევარდნაძის ხალხთან - მის პრესოფიცერზე გავედი, სამწუხაროდ, მის სახელს და გვარს ვეღარ ვიხსენებ, რომელიც დახმარებას დამპირდა და რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ უკვე თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი. ასე ჩავედი თბილისში, ერთი დღე გავჩერდი იქ სასტუმროში, სადაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობდნენ, ათმაგი ფასი გადაეხდევინებინათ. მეორე დღეს პოლონელ ფოტოგრაფს, სახელად კრისს, გადავაწყდი და გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით სოხუმში ომის გადასაღებად.
წავედი ამ ჩემს პრესოფიცერთან და ორი საშვი გამოვართვი, კრისს ქართულ ტელევიზიებში ჰქონდა კონტაქტები და გავარკვიეთ, რომ სწორედ მეორე დღეს მიდიოდა მათი ჯგუფი სოხუმში. ავეკიდეთ ამ ხალხს, ჩავსხედით ძველისძველ „ლადაში“ და გავემართეთ სოხუმისკენ. „სონის“ პატარა რადიო მქონდა, მოკლე ტალღის, და შუა გზაში გადმოსცეს, რომ სოხუმი დაეცა. სოხუმში ვეღარ წავიდოდით, ასე რომ, გადავწყვიტეთ, ოჩამჩირეში წავსულიყავით, ჩავთვალეთ, რომ ფრონტის ხაზი იქ გადაინაცვლებდა. ასე მივედით გალთან, რომელიც თითქმის დაცარიელებული დაგვხვდა, აქ კი ვიღაც სამხედროებმა გაგვაჩერეს. გამოგვიცხადეს, აქაურობას გამსახურდია აკონტროლებსო. გამსახურდიასთან ჩამოხვედით? - გვეკითხებიან. არა, არ ჩამოვსულვართ გამსახურდიასთან. როგორ შეიძლება, გამსახურდიას უნდა შეხვდეთო და წაგვიყვანეს მის ოფისში, ქალაქის მერიის შენობაში. გადავიღეთ ფოტოები, და პატარა ინტერვიუც ჩავწერეთ, რითაც ერთობ კმაყოფილი დარჩა და პირადად მოგვიწერა ხელი ახალ მედიასაშვებზე. ახლა უკვე ორი საშვი გვქონდა, ერთი შევარდნაძის, მეორე გამსახურდიასი...
რადიო თავისუფლება: როგორი შთაბეჭდილება დატოვა? ქართულ პოლიტიკურ მეხსიერებაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა - არაერთაზროვანი.
მაიკ გოლდუოთერი: გამსახურდიამ?კულტურული, პატარა კაცი იყო, ბრიტანეთში ასეთებს „კოსტიუმებს“ ვეძახით - კოსტიუმი ოფისის მაგიდასთან, რომელსაც, როგორც ჩანს, მეტი საქმე არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ დავეყოვნებინეთ. მაშინ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის - არ ვიცოდი, რომ ბედი ისევ შეგვახვედრებდა და ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ჩვენს ამ ვოიაჟში. რამდენადაც მაშინ ჩვენ ვუწყოდით, შევარდნაძე იყო მოქმედი პრეზიდენტი და გამსახურდია კი - ჩამოგდებული. ჩვენთვის ის მაშინ „გუშინდელ დღედ“ აღიქმებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე სულაც არ იყო. ის ჯერ კიდევ აქტიურ ძალად, მოქმედ ფიგურად რჩებოდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომ მოვლენებში.
როგორც იქნა, მივედით ოჩამჩირეში. პირველი, რაც ოჩამჩირის თქმისას მახსოვს და ალბათ სულ გამახსენდება, ეს ისაა, როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს ოჯახები, ნათესავები, რომელთაც ერთმანეთი დაკარგული ან დაღუპული ეგონათ. იყო ძალიან ბევრი ცრემლი, იყო ბავშვების სიცილი და ეს ყველაფერი აღიქმებოდა ძალიან მძაფრად იმის გამოც, რომ ფრონტის ხაზი ორი ფეხის ნაბიჯზე იყო... მახსოვს, როგორ შემოვიდა ბოლო მატარებელი ოჩამჩირეში, და დედა, რომელმაც დაინახა შვილი, რომელიც დაღუპული ეგონა. ქალაქში დავდიოდით და ვუყურებდით ხალხს, მათ შორის იმათ, ვინც საკუთარ სახლებს წვავდა... პარალელურად აფხაზები ბომბავდნენ ქალაქს, ცალკე ისინი აჩენდნენ ცეცხლს...
ამასობაში, გამსახურდიას ერთგული მხარდამჭერები [სამხედრო დანაყოფები] ქალაქის ცენტრში იკრიბებოდნენ. და მახსოვს, რომ ფოტო გადავუღე ხანშიშესულ სამხედროს, რომელმაც პატარა გოგონას მოქმედი ხელყუმბარა მიაწოდა სათამაშოდ... უცნაური რამე იყო ამ მომენტის გადაღება... არც ისე მოშორებით, უშუალოდ ფრონტის ხაზზე, იყვნენ უკვე შევარდნაძის მხარდამჭერები, მათ შორის მოხალისეებიც. მათაც გადავუღე ფოტოები. და მოგვიანებით გავიგე, რომ ისინი გამსახურდიას ხალხმა განაიარაღა. ანუ ქართველები, რომლებიც ოჩამჩირის დასაცავად ემზადებოდნენ აფხაზებისგან, განაიარაღეს ქართველებმა. მახსოვს, რომ მაშინ გაოგნებული ვიყავი ამით - რატომ ებრძოდნენ ქართველები ერთმანეთს, მაშინ როდესაც მტერი იქვე იყო და იერიშისთვის ემზადებოდა? ეს ხომ კლასიკური „დაყავი და იბატონეა“, კლასიკური კოლონიალური მიდგომა. ვინ ვის მართავდა და ვინ ვისი მარიონეტი იყო, ეს ისტორიკოსებმა გაარჩიონ, მაგრამ საბოლოო შედეგი იყო ის, რომ მტრის ნაცვლად, ერთმანეთს ეომებოდით.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იყო ამ შიდა დაპირისპირებების როლი იმ სცენარში, რაც საბოლოოდ ვიხილეთ აფხაზეთში?
მაიკ გოლდუოთერი: ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამან. ცხადი იყო, რომ ამ შიდა კონფლიქტით მხოლოდ მოწინააღმდეგე ხეირობდა. ვფიქრობ, რომ არა დაპირისპირება გამსახურდიასა და შევარდნაძეს შორის, შესაძლოა, აფხაზებს ვერც გაებედათ ომის დაწყება. გამსახურდიას ხომ გალში შევხვდით? ორი დღის შემდეგ ისევ გადავაწყდით, ოჩამჩირეში. ერთი დღით ადრე, ვიდრე ქალაქს დატოვებდნენ... უკვე სამხედრო ფორმა ეცვა, განკარგულებებს იძლეოდა და ჩვენს ქართველ კოლეგებს განუცხადა: ნურაფრის გეშინიათ, ქალაქს ჩვენ დავიცავთო...
მეორე დღეს დავბრუნდით ოჩამჩირეში და ვნახეთ, რომ ყველა ტოვებდა ქალაქს, მათ შორის გამსახურდიას ნაწილებიც... გზა გადაჭედილი იყო ხალხით. ეს არაა პატარა ბილიკი, ორმხრივი მოძრაობის გზაა და ის სავსე იყო ხალხით. მანქანები, სატვირთოები, ამ სატვირთოებზე გამობმული - ვისაც რა ჰქონდა, მაგალითად, “ლადა” საბურავების გარეშე, რომელშიც ყველაფერი ჩატენეს, რაც კი გააჩნდათ და ხელით ვერ წამოიღებდნენ...
ყველა გარბოდა, გარბოდა ისე, როგორც შეეძლოთ. და ამ ხალხის მორევში მალე ტანკიც დავინახეთ, ტანკებზე კი გამსახურდიას საჯარისო ნაწილები. გაგვიკვირდა - რა უნდოდათ იქ სამხედროებს, რატომ მიდიოდნენ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, რომელიც ცდილობდა, როგორმე სამშვიდობოს გასულიყო... ყველა გარბოდა და ისინიც გარბოდნენ. მათაც გადავუღე სურათები. ტანკზე მიბმული იყო საბჭოთა მანქანა, რომელშიც ასევე სამხედროები ისხდნენ. ერთ-ერთი მათგანი გადმოხტა, ორი რევოლვერი დააძრო, ვესტერნის პერსონაჟივით და მანიშნა, ფოტოაპარატი მომეციო. გავშრი. სხვა რა გზა მქონდა, მოვიხსენი და მივაწოდე. მითხრა, ყველაფერი მინდაო. კამერა, კამერის ჩანთა, პასპორტი - ეს ყველაფერი გამომართვა, წამით დაფიქრდა და - ახლა ტანკზე აძვერიო, რევოლვერით მანიშნა. ფაქტობრივად, დამაპატიმრეს. მალე კრისიც შემომიერთდა ტანკზე. საბედნიეროდ, ჩემგან განსხვავებით კრისმა რუსული იცოდა, მე კი გამახსენდა, რომ გამსახურდიას საშვი მქონდა კამერის ჩანთაში. კრისმა, თავის მხრივ, „ვესტერნის კაცს“ აუხსნა, იმანაც იქექა, იქექა ჩემს ნივთებში და როგორც იქნა, მიაგნო გამსახურდიას საშვს. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, მერე მხარზე ხელი მომითათუნა და ოოო, გამსახურდია? გამსახურდია ნო პრობლემო! გამომიცხადა. უცებ „მეგობრებად“ ვიქეცით. ყველაფერი დამიბრუნეს. გზის პირზე გადავედით, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავით და ვიღაც სათნო ქალმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაინახა, სახლში შეგვიპატიჟა... ცოტაოდენი ხილის არაყი დაგვალევინა, ცოტა მოვეშვით, ამოვისუნთქეთ... კეთილი ქალბატონი იყო, ძალიან ცდილობდა ჩვენს დამშვიდებას, ამ დროს კი მისი ოჯახის წევრები ნივთებს აგროვებდნენ, რადგან მათაც გაქცევა უწევდათ...
...მეორე დღეს, ზუგდიდში დავბრუნდით და ხიდი უკვე გადავსებული დაგვხვდა ხალხით.
რადიო თავისუფლება: ამაზე ცალკე მინდა, გკითხოთ - ეს ალბათ პირადად ჩემი ფავორიტი ფოტოა თქვენს აფხაზურ არქივში. ხალხით სავსე ზუგდიდის ხიდი და ეს ხალხი გაჰყურებს აფხაზების ტანკებს, რომლებიც სოხუმისკენ მიემართებიან.
მაიკ გოლდუოთერი: დიახ, იდგნენ და გაქვავებული სახეებით უყურებდნენ საქართველოს ახალ „საზღვარს“... ამ ხალხმა იცოდა, რომ თუ ხიდს აქეთ მშვიდობას პოვებდნენ, სამაგიეროდ ხიდს მიღმა სახლის, წარსულის, იდენტობის დატოვება უწევდათ, მთელ ცხოვრებას იტოვებდნენ ზურგს უკან და ყველაფერი ხელახლა უნდა დაეწყოთ. ეს იყო ბილეთი ერთი მიმართულებით და ამას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. იყო ძალიან ბევრი ტირილი. იყო შიში. ხალხის ნაწილი, განსაკუთრებით შუახანს გადაცილებულები, აცნობიერებდნენ, რომ უკან დაბრუნების შანსი ნულთან ახლოს იყო. რომ მათ მიწა დაკარგეს. სახლი დაკარგეს. ამ ხალხმა იცოდა, რამხელა რაღაცას უნდა შელეოდნენ...
მახსოვს, მაშინ მე და კრისმა ბალიშის პირებიდან თეთრი დროშები გავაკეთეთ და აფხაზების პოზიციებისკენ წავედით, რათა გადაგვეღო. რატომ ჩავთვალეთ, რომ ეს იმუშავებდა, აზრზე არ ვარ, ალბათ გამოუცდელობის გამო... რა თქმა უნდა, გამოგვყარეს და დაგვემუქრნენ, გესვრითო...
რადიო თავისუფლება: ზუგდიდის ხიდი მხოლოდ დასაწყისი იყო ამ მასობრივი გამოსვლის, რომელიც მტანჯველ და ბევრისთვის ბოლო მოგზაურობად იქცა ჭუბერის უღელტეხილზე. თქვენ მათთან ერთად იყავით - რაც ნახეთ, დიდწილად თქვენმა კამერამ შემოგვინახა, ამიტომ უფრო ემოციებზე გკითხავთ, იმ მოგონებებზე, რაც შეიძლება ფოტოებზე ვერ დაატიეთ ან ვერ მოხვდა.
მაიკ გოლდუოთერი: უკვე თბილისში დაბრუნებულებს შევარდნაძის პრესოფიცერმა დამირეკა და მითხრა: ასე და ასე, ჭუბერის უღელტეხილზე პური მიგვაქვს დევნილებისათვის, თუ გინდათ, შემიძლია თქვენც წაგიყვანოთ. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდით? ჩავსხედით პურით სავსე პატარა თვითმფრინავში. და როცა ვამბობ, "სავსეს", ეს გადაჭარბება არ არის, პური მომიწია მუხლზე დამეწყო მხოლოდ იმისთვის, რომ დავმჯდარიყავი. ჩავედით. პური დავარიგეთ. მახსოვს ვიღაც იარაღიანებმა სცადეს ვერტმფრენში ამოძრომა, მაგრამ შეგვეშვნენ, როცა გაიგეს, რომ სამთავრობო მისია იყო. თანაც, იქ 15 კაცი თუ დაეტეოდა.
აჰ, კინაღამ დამავიწყდა - წასვლამდე, არც ვიცი, შთაგონება იყო ეს, ნაქები ბრიტანული საღი აზრი თუ უბრალოდ იღბალი, წავედი და სურსათი მოვიმარაგე, იმ შემთხვევაში, თუ იქ დარჩენა მოგვიწევდა. „სურსათი“ ამ შემთხვევაში იყო ათეულობით „მარსის“ შოკოლადი და ორცხობილებით სავსე პარკი. იშვიათად რომ ასე ჭკვიანურად მევაჭროს: ჭუბერზე ჩვენი ყოფნის პერიოდში ჩვენი რაციონი სწორედ ეს „მარსის“ შოკოლადები და ორცხობილები იყო, მეტი არაფერი...
ჩავედით და ხალხზე თვალის შევლებიდან 15 წუთში მე და კრისმა პრესოფიცერს გამოვუცხადეთ, რომ დარჩენას და ხალხთან ერთად წამოსვლას ვაპირებდით. სულ შერეკილები და დამთხვეულები გვეძახა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ვერ გადაგვაფიქრებინებდა, თქვა, მაშინ მეც თქვენთან ერთად წამოვალო... კარგი კაცი იყო, არავინ ავალებდა ამის გაკეთებას.
ასე დავრჩით. ღამდებოდა უკვე - იმ დღეს ნორმალური ამინდი იყო, მაგრამ წინა დღის წვიმამ და ჭექა-ქუხილმა უღელტეხილი ტალახის დიდ გუბედ აქცია, რომელშიც ეფლობოდა ხალხი, ცხენები, უზარმაზარი სატვირთოები... ერთ-ერთ ფოტოზე ნახავდით კიდეც ტალახში მუცლამდე ჩაფლულ ცხენს, რომლის ამოთრევასაც მოხუცი და ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, მამა-შვილი ცდილობენ... ყველაზე ძალიან, თავისთავად ცხადია, მოხუცებს უჭირდათ. ღამე ცივი გამოდგა, ამიტომ კოცონები დაანთეს. ჩვენც ვიღაცის კოცონს მივეკედლეთ. მე ფანარი მქონდა და ვიღაც ტიპი მომადგა კალაშნიკოვით, მომეციო. მეთქი, მეც ხომ მჭირდება? ნუ გეშინია, არ გართმევ, აი, ჩემს ავტომატს დაგიტოვებ გირაოდო და თავისი კალაშნიკოვი მომაჩეჩა. ვიდექი ასე, კალაშნიკოვით ხელში, სანამ დაახლოებით ერთ საათში არ დაბრუნდა, თავისი იარაღი გამომართვა და ფანარი დამიბრუნა...
ჩვენ კიდევ შედარებით ნაკლებად ცუდი პირობები დაგვემთხვა. მათ, ვისაც ჭექა-ქუხილში მოუწიათ უღელტეხილის გადალახვა, ნაკლებად გაუმართლათ, და ზოგს საერთოდ არა - რადგან ისინი სამუდამოდ დარჩნენ იქ... ალაგ-ალაგ ვაწყდებოდით ცხედრებს, რომლების დამარხვის დრო და თავი არავის ჰქონდა, ტანსაცმელი, ზეწრები ან პლედები ჰქონდათ გადაფარებული...
რაც ვერ მიჰქონდა ხალხს, უკან ტოვებდა. და აქ იწყებოდა გადარჩევის პროცესი - ვინ რას იმეტებდა გადასაგდებად პირველად... ჩემდა გასაოცრად, ყველაზე ხშირად ეს საოჯახო ალბომები იყო - ხალხი, რომელმაც სახლი დაკარგა, ახლა საკუთარი ოჯახის ისტორიას, წარსულს, იდენტობას ტოვებდა ტალახში... ორიოდე ასეთი ალბომი გადავიღე კიდეც.
რადიო თავისუფლება: ეს არ არის ნათელი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში - მათ შორის იმიტომაც, რომ დევნილებს თავს ესხმოდნენ ხოლმე, და ამჯერად არა აფხაზები, არამედ ქართველები. თქვენ თუ შეესწარით რაიმე მსგავსს?
მაიკ გოლდუოთერი: ამის ნაკლებობა არ იყო. ხალხს აშკარად ეშინოდა და არა უსაფუძვლოდ. ერთხელ მოიყვანეს მუცელში დაჭრილი სამხედრო, რომელმაც ბანდიტებს უარი უთხრა იარაღის მიცემაზე და ესროლეს.
ომი იყო, და ეს ომის თანმდევია. ზოგი ახერხებს ადამიანად დარჩენას, ზოგი კი ვერა. ის ხალხი, ვისთან ერთადაც ჩვენ უღელტეხილზე გადმოვედით, ერთმანეთს ეხმარებოდა, ვისაც რა და როგორ შეეძლო.
რადიო თავისუფლება: დაბრუნდით თბილისში, და როგორც ვიცი, მეორე პრეზიდენტთანაც მოგიწიათ შეხვედრა. მან როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
მაიკ გოლდუოთერი: უკვე ბევრჯერ ნახსენებმა პრესოფიცერმა ისევ დარეკა და: მოსკოვში მივდივართ, ელცინს უნდა შევხვდეთ, შეგვიძლია წაგიყოლოთო. რა თქმა უნდა, იქვე დავთანხმდი, ასეთ შანსზე უარს როგორ ვიტყოდი. ჩავწერეთ შევარდნაძე, ფოტოები გადავუღეთ. ძალიან ყურადღებიანი, ცივილური ტიპი იყო, ეტყობოდა, რომ უმაღლესი რანგის დიპლომატობის დეკადები ჰქონდა ზურგს უკან მოტოვებული. კლასი ჰქონდა, გამოცდილება და ალბათ, შეიძლება ითქვას, სიბრძნე. მის ფონზე გამსახურდია შიშისა და ნერვიულობისგან დამფრთხალი და გაშეშებული ბაჭიის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
თვითმფრინავში ავედით - არაყი შემოგვთავაზეს და მახსოვს, რომ მისი ერთ-ერთი მცველი, უზარმაზარი ტიპი, რომელიც თვითმფრინავში ვერც კი იმართებოდა, ამ შემოთავაზებული არყით ისე გამოთვრა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. მახსოვს როგორ უყურებდა მას შევარდნაძე - ერთგვარი ცნობისმოყვარეობით და მგონი, ცოტა შურითაც - თვითონ ელცინთან მიდიოდა მოსალაპარაკებლად, ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, აგერ, ამ კაცს კი მხოლოდ არაყი აინტერესებდა, ეს იყო მისი პრიორიტეტი... ბოლო ფოტოზე, რომელიც ამ მოგზაურობიდან მაქვს, სწორედ შევარდნაძეა - საქართველოს საელჩოში, ფრანგულ ტელევიზიასთან სასაუბროდ ემზადება. მახსოვს, ვიზები თითქმის არავის არ გვქონდა და უცებ, „რუსულ სტილში“ გაგვიხერხეს, რაღაც ქაღალდი მოგვაჩეჩეს და შეგვიშვეს...
ამით მთავრდება კიდეც ჩემი ქართული ვოიაჟი - ფოტოები „ინდეპენდენტს“ გავუგზავნე, ძალიან მოეწონათ, გამოაქვეყნეს. შემდეგ სხვა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს.
რადიო თავისუფლება: საქართველო პირველი იყო, შემდეგ სხვა კონფლიქტების, ომების გაშუქებაც მოგიწიათ - მათ შორის, ისეთი ომების, რომელთაც შეუდარებლად დიდი მსხვერპლი მოჰყვა, აფრიკაში... რა გავლენა იქონია ამან თქვენზე - როგორია, იღებდე ტანჯვას, სისხლს, მსხვერპლს და მერე სახლში მიდიოდე, ვალმოხდილი?
მაიკ გოლდუოთერი: კარგი კითხვაა, მაგრამ ამაზე ალბათ ყველა სამხედრო ფოტოგრაფი სხვადასხვა პასუხს გაგცემდათ. ჩემთვის ეს დადის კითხვამდე - რატომ ხარ იქ? რა წვლილი შეგაქვს? ეს ხომ უშუალოდ შენ არ გეხება, შენ არაფერი ჩაგიდენია, არადა აქ ხარ, იღებ, ადამიანები როგორ ხოცავენ ერთმანეთს. აქ იმიტომ ხარ, რომ ისტორია მოჰყვე შენი ფოტოებით. რათა მსოფლიომ გაიგოს, რა მოხდა. ეს უზარმაზარი პატივია, უზარმაზარი პრივილეგიაა და თუ ამ დროს ხელი გიკანკალებს და ცრემლები ღაპაღუპით გცვივა, შენს საქმეს ვერ გააკეთებ. ეს ემოციები საქმეში უნდა ჩადო, შენს ნამუშევარში უნდა დააბანდო.
რადიო თავისუფლება: აფხაზეთის ომიდან ათწლეულები გავიდა. შეიცვალა თქვენი პერსპექტივა იმაზე, თუ რა მოხდა აფხაზეთში? იმის ფონზე, რომ ვნახეთ ომი საქართველოში, ვნახეთ ყირიმი და დღეს ვხედავთ დანარჩენ უკრაინას...
მაიკ გოლდუოთერი: ეს, ცხადია, იყო ტერიტორიის მოხვეჭა საბჭოთა კავშირის დანგრევის საპასუხოდ და ეს ელცინის დროს მოხდა - ელცინისა, რომელზეც დასავლეთში იმედებს ამყარებდნენ. პუტინი მერე მოვიდა - ანუ რუსეთი ელცინის დროსაც რუსეთი იყო და იმას აკეთებდა, რასაც, როგორც წესი, რუსეთი აკეთებს ხოლმე. პუტინი უბრალოდ, აღარაფერს ჩქმალავს, ღიად და გამჭვირვალედ „აკეთებს საქმეს“. წარმოუდგენლად ტრაგიკული ფიგურაა რუსეთისთვის.
რადიო თავისუფლება: რატომ? ვფიქრობ, პუტინს არც თვითონ მიაჩნია თავი ტრაგიკულ ფიგურად და არც რუსების დიდი ნაწილი დაეთანხმებოდა თქვენს ამ შეფასებას.
მაიკ გოლდუოთერი: რუსებს ხომ მხოლოდ ის ესმით, რასაც ტელევიზორში ეუბნებიან? გამუდმებული სიცრუე, გამუდმებული თავის დაბრმავება. ომი უკრაინაში - ეს ხომ ტრაგედიაა? ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და რისთვის? ერთი რეგვენის ხუშტურებისთვის? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გეტყვით, რომ უკრაინის დაპყრობა სრული სიგიჟეა. ესაა ის კაცი, რომელიც რიგით რუსებზე ზრუნავს და მათი მომავალი ადარდებს? რაღაც არა მგონია. და სად გაჩერდება ეს იდიოტი, თუ არ გააჩერებენ? ვინ იქნება შემდეგი - პოლონეთი? ბალტიელები? ისევ საქართველო? თუ, როგორც მყვირალა რუსი გენერლები გაიძახიან, ატლანტიკის სანაპირო? ეს ხომ მესამე რაიხია, კირილიცას ანბანით.