რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დასავლეთი მოსკოვზე სანქციებით ზეწოლის შემდეგ, დივერსიაზე გადავიდა.
„ანგლოსაქსებს სანქციები ეცოტავებათ. ისინი დივერსიებზე გადავიდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია,“ჩრდილოეთის ნაკადის“ საერთაშორისო მაგისტრალური გაზსადენების აფეთქების ორგანიზებით, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, ფაქტობრივად საერთოევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეუდგნენ“, - განაცხადა პუტინმა კრემში გამართულ ღონისძიებაზე, რომელზეც მან უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოაწერა ხელი.
ასევე ნახეთ ვინ და რატომ ააფეთქა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“?სამი გაჟონვა - ორი დანიის ზონაში და ერთი შვედეთის ზონაში - აღმოაჩინეს ამ კვირის დასაწყისში ორ მთავარ წყალქვეშა გაზსადენში, რომლებიც ბუნებრივი აირის ევროპისთვის მისაწოდებლად გაიყვანეს. სავარაუდო აფეთქებების დროს არცერთი მილსადენი არ მოქმედებდა, მაგრამ ისინი სავსე იყო გაზით, რომელიც 26 სექტემბრის ავარიის შემდეგ ზღვაში ჩაედინებოდა. ნატომ და ევროკავშირმა გაჟონვა საბოტაჟად შეაფასეს.
გაზსადენები, რომლის მშენებლობაზეც რუსეთმა მილიარდები დახარჯა, ბალტიის ზღვაში100 მეტრამდე სიღრმეშია გაყვანილი. ამ წყალქვეშა არტერიებით რუსეთს გაზი ევროპისთვის უნდა მიეცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა, მაგრამ დივერსიის მომენტში ტრანსპორტირება შეჩერებული იყო. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არც ამუშავებულა.