საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კნოლევთან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

საილუსტრაციო ფოტო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ჩასვეს ძელები და მავთულხლართები გაავლეს. ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

სუსში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია სუსის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ განახლებული „ბორდერიზაცია“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ოქონას და კნოლევის მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებაა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული წლის მაისშიც გამოჩნდნენ და იქ არსებული ღობეების გასწვრივ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს.

ასევე ნახეთ „ბორდერიზაციის“ პროცესი გაგრძელდა კნოლევსა და ცერონისშიც

კნოლევის მცხოვრებთა თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.