პრემიერი: პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

"იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10 პროცენტით, იანვარში კიდევ გაიზრდება 10 პროცენტით ხელფასები და ეს გაგრძელდება მომდევნო წლებში. ჩვენ გამოვკვეთეთ ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება იანვრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს: "გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება".