როგორ კეთდება ფული მობილიზაციას გამოქცეულ რუსებზე

ათასობით რუსეთის მოქალაქეს ლარსზე არაადამიანურ პირობებში რამდენიმე დღის გატარება უწევს. საზღვრის ორივე მხარეს ფულის შოვნის ახალ გზებს ალღო მალევე აუღეს.

“გადადით გზიდან! გაათავისუფლეთ სავალი ნაწილი!” - პოლიციელის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობა. ლარსის საბაჟოს სიახლოვეს შეკრებილი ორმოცამდე კაცი მის “კანონიერ ბრძანებას” ემორჩილება. მხოლოდ რამდენიმე წუთით.

ამ მონაკვეთზე რუსი მიგრანტები ეძებენ და ელოდებიან მანქანებს, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანთ.

ყოველ 6-7 წუთში ისინი გარს ეხვევიან თვალებაწითლებულ და შუბლზე თმამიწებებულ მიგრანტებს, რომლებმაც ეს-ესაა საზღვარი გადმოკვეთეს. ძირითადად, ფეხით მოდიან. 3-4-კაციანი ჯგუფები თან მოაგორებენ ჩემოდნებს და ველოსიპედებს.

ველოსიპედები აქ ლამის ყველაზე “გასავლიანი” საქონელია. დამხვედრებს ყიდვა უნდათ, ზოგ მომსვლელს - გაყიდვა. სანაცვლოდ ლარებს სთავაზობენ, მაგრამ ბევრი ზრდილობიანად იგერიებს ქართულ და სომხურენოვან მყიდველებს.

არადა, ბევრ ემიგრანტს ფული სჭირდება. “უინტერნეტოდ ვარ, სომხეთში მივდივარ და ყველაფერი გზაში დამეხარჯა”, - ჰყვება 22 წლის მაქსიმი. რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან ავტობუსით წამოვიდა. თვითონ უკვე საქართველოშია, ავტობუსი ჯერ არა. 5 ათასი რუბლი (244 ლარი) ავტობუსში დატოვა.

უახლოეს მომავალში რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. “ჩემს მეგობრებს უწყებები მისდით. როგორც კი მობილიზაცია გამოაცხადეს, მივხვდი, რომ ეგრევე ჩანთები უნდა ჩავალაგო და გამოვიქეცი”, - ამბობს იგი.

ესკორტი საბაჟომდე

ვლადიმირ პუტინმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” 21 სექტემბერს გამოაცხადა.

27 სექტემბერს საქართველოს საზღვართან უკვე 16 კილომეტრიანი საცობი იდგა. რუსული სააგენტო, ტას-ის მტკიცებით, დაახლოებით 5 ათასი მანქანა.

ისინი, ვინც ეს საცობი გამოიარა, “რადიო თავისუფლებას” უყვებიან, რომ ლარსის გადაღმა, ჩრდილოეთ ოსეთში კორუფცია ყვავის. პოლიციასთან შეკრული გადამყვანები საცობის გვერდის ავლით საპასპორტო კონტროლამდე მიყვანში 50 ათას რუბლამდე (დაახლოებით 2500 ლარი) ართმევდნენ. მუშაობდა “VIP მომსახურებაც” - პოლიციის მანქანის ესკორტი 200 ათას რუბლად (9600 ლარად). ეს ჩაწყობები რიგს კიდევ უფრო ახანგრძლივებდა.

“ბარიკადებს ვაკეთებდით, მანქანებს ვუწვებოდით, ვიღაც კაცს ფეხზე გადაუარეს. რამდენიმე კაცს სცემეს. პოლიციასთან მივდიოდით და ისინი გვპასუხობდნენ, შეგვეშვით, თქვენით მოაგვარეთო”, - იხსენებს 25 წლის ბოგდანი.

23 სექტემბერს, ნაშუადღევს სანქტ-პეტერბურგიდან სამ მეგობართან ერთად, მანქანით წამოვიდა. იმავე ღამეს უკვე ვლადიკავკაზში იყვნენ, მაგრამ საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ 28 სექტემბერს, დილით შეძლეს. ვლადიკავკაზიდან საქართველომდე 4 დღეზე მეტი დასჭირდათ.

საცობში წყალი ძალიან ჭირდა. ხუთლიტრიან ბოთლს 100 დოლარად (270 ლარად) ყიდდნენ. ბევრს უთავდებოდა ბენზინი. მანქანებს ადგილობრივებზე ყიდდნენ “საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად”, ან უბრალოდ ტოვებდნენ.

“მგონი, მანქანა დავტოვეთ მესამე დღეს. დღეში წინ 200 მეტრით მივიწევდით”. გზა ჯერ ფეხით გააგრძელეს. მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ მეტი აღარ შეეძლოთ, მარშრუტკაში “4 ადგილი” იყიდეს. მიკროავტობუსმა საქვეითო საზღვრამდე მიიყვანა. ლარსი ორ ნაკადს იღებს პარალელურად - ფეხით და მანქანებით მომავლებს.

“ახლა თბილისში წავალ მეგობრებთან. დავიბან, გამოვიძინებ და მერე გადავწყვეტ, ალბათ სადმე სოფელში ვიქირავებ ოთახს და დისტანციურად ვიმუშავებ”, - ამბობს ბოგდანი.

ჯერ თბილისი ან ერევანი. მერე “ვნახოთ”

თითქმის არც ერთ მიგრანტს, რომელსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, გრძელვადიანი გეგმა არ აქვს.

“ჯერ თბილისში, შემდეგ ალბათ ევროპაში [წასვლას] შევეცდებით”, - თქვა ნატალიამ, რომელიც ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდიდან მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოვიდა.

თუმცა ბევრი სომხეთში მიემგზავრება. მძღოლები მგზავრებზე ნადირობენ. ერევნამდე ჩაყვანას სომხეთიდან მინივენებით ჩამოსულები, 12 ათას რუბლად (580 ლარად) აფასებენ. თბილისში ვისაც უნდა წასვლა, 5 ათასს სთხოვენ. ამაზე ორჯერ მეტი ღირს ბათუმამდე მგზავრობა.

ლარსის იქითა მხრიდან მანქანები იშვიათად გადმოდის. სამაგიეროდ, საბაჟოდან კილომეტრ-ნახევარში, საქართველოს ტერიტორიაზე მინივენები და მსუბუქი ავტომობილებია ჩამწკრივებული.

“საქართველოში ვიქნები რამდენიმე დღე, შემდეგ შეიძლება თურქეთში წავიდე” - ამბობს არტიომი, რომელიც 6 წლის წინ რუსულ ჯარში მსახურობდა. გაწვევის გარდა იმის შეეშინდა, რომ მალე რუსეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდება და საზღვარი საერთოდ ჩაიკეტება.

კიბორჩხალები მდუღარე წყალში

სასაზღვრო პუნქტიდან რამდენიმე წუთის სავალზე კაცს ჯიპის საბარგული აქვს გახსნილი. წყალს და ძეხვიან პურს არიგებს. რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს: “როგორც კი ვნახე, აქ რა ხდებოდა, ვიყიდე რაც ხელში მომხვდა და მოვედი”.

“2000 წელს დავიბადე და პუტინის მმართველობის გარდა არაფერი მინახავს”, - ამბობს ფაინა. 25 წლის ფიოდორთან ერთად, ის უკვე სამი დღეა დოკუმენტურ ფილმს იღებს რუს მიგრანტებზე. ორივე საქართველოში ომის დაწყებიდან ცოტა ხანში ჩამოვიდა.

“[ლარსზე] გვხვდებიან ადამიანები, ვინც დიდ ქვეყანაში, იმპერიაში დაიბადნენ. ბევრი საზღვარგარეთ არასდროს ყოფილა… გვიწევს, ავუხსნათ, რომ ეს სხვა ქვეყანაა და სადმე დასარეკად ტელეფონში სხვა კოდი უნდა აკრიფონ”, - ჰყვება ფაინა და აღიარებს, რომ ამის გამო თავს უხერხულად გრძნობს.

ბოგდანს კი დიდი იმედი აქვს, რომ მობილიზაციის გამოცხადება პუტინისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება.

“არსებობს გამოთქმა, კიბორჩხალებს ცივ წყალში ხარშავენო. ისინი ვერ ხვდებიან, წყალი როგორ დუღდება, - ამბობს ფიოდორი, - სწორედ ასე, ნელა-ნელა წაართვა და შეუზღუდა პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები”.

ანუ კიბორჩხალები უკვე ხვდებიან, რომ წყალი დუღს? ეს ფიოდორმა დანამდვილებით არ იცის. თუმცა ჰგონია, რუსეთიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეეცდება გაქვცევას. იმედი აქვს, დაინახავენ, “რომ მათ გარშემო მტრულად განწყობილი ადამიანები არ ცხოვრობენ” და ეს მოქმედებისკენ უბიძგებთ.

ფაინა მას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება. “ეს ძალიან პატარა იმედია”, - ამბობს იგი. კარგად ხვდება, რომ საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში რუს მიგრანტებს თბილი დახვედრა არ ელოდებათ.

მათ შესაძლოა, რუსეთში დაბრუნებაც გაუჭირდეთ. 28 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის, სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყნიდან წასულთა სიას ადგენს. მობილიზაციას გამოქცეულებს მან მოღალატეები უწოდა. გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპის" ინფორმაციით, მობილიზაციის პირველ 6 დღეში, რუსეთი სულ 260 ათასმა მამაკაცმა დატოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21-26 სექტემბერს, ლარსის საბაჟოდან ქვეყანაში 53 136 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.