სააკაშვილი ლუკაშენკას: იფიქრე იმაზე, რომ შენს შვილს სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართავს ბელარუსის პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. სააკაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის ცნობა და ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა, ლუკაშენკასთვის დასასრული იქნება. ყოფილი პრეზიდენტი მიმართავს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომ იფიქროს შვილზე, ნიკოლაი ლუკაშენკაზე, რომელიც ამჟამად 18 წლისაა.

„ჩემი მიმართვა ლუკაშენკას

ახლა ჯერ კიდევ გაქვს შანსი გამოძვრე ამ სიტუაციიდან. თუკი შენ ცნობ აფხაზეთს და განსაკუთრებით, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - შენ, როგორც ჭკვიანი კაცი, უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია! მე ნიკოლაშკას ფოტოები ვნახე, ის სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა", - მიმართავს სააკაშვილი ლუკაშენკას.

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

ლუკაშენკა აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

ასევე ნახეთ ევროკავშირი გმობს ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში