ევროკავშირი გმობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე...
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს პიტერ სტანო და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.
საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.