რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" წყაროს ინფორმაციით, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა არაოფიციალური ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე მოძრავი კორტეჟის ვიდეომასალა, რომელსაც მილიციის საგზაო-საპატრულო მანქანები მიაცილებენ.
ტელეგრამის არხი AMRA-life წერს, რომ "მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟმა უკვე გაიარა გაგრა." D News Abkhazia კი ვარაუდობს, რომ "სტუმართან შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება."
"ძალიან ცუდია, რომ საზოგადოებამ სანდო ინფორმაცია არ იცის. მთელ აფხაზეთს აინტერესებს, ვინ მოვიდა ჩვენთან სტუმრად", - წერს ჟურნალისტი იზიდა ჭანია.
26 სექტემბერს ალიაქსანდრ ლუკაშენკა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა.
- ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.