„როგორ შეიძლება წაიყვანონ გუდაუთელი ან ბიჭვინთელი ბიჭი რუსულ ჯარში?“

საილუსტრაციო ფოტო

აფხაზეთს შესაძლოა რუსული მობილიზაცია შეეხოს, „ეხო კავკაზამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთში მცხოვრებლები გამოკითხა.

- აფხაზეთს შესაძლოა რუსეთის სამხედრო მობილიზაცია შეეხოს, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

ასლან კობახია: აფხაზეთს რუსეთის მობილიზაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო არ შეეხება, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავისი კანონები აქვს. არ შეიძლება შეეხოს! ეს ფაქტია და რეალობა. საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მრავალ ქვეყანაში რუსეთს მიღმა რუსეთის ფედერაციის მილიონობით მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მობილიზაცია გამოცხადდება. რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებს გამოიძახებენ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ. აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატებს მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გაწვევა შეუძლიათ. არანაირი სხვა კანონი, გარდა აფხაზეთის რესპუბლიკის კანონისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს და არც იმოქმედებს. დღეს ბოლოს და ბოლოს გამოვიდა აფხაზეთის სახალხო კრების სპიკერი ლასა აშუბა, რომელმაც ყველაფერი განმარტა. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონები აფხაზეთში მობილიზაციის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, თუნდაც ამას ჩვენდამი ყველაზე მეგობრულად განწყობილი ქვეყანა ატარებდეს. კატეგორიულად აკრძალულია.

დენის ხარჩლაა: ჩვენ ბევრი ხელშეკრულება გვაქვს დადებული, სამხედრო თუ ეკონომიკური შინაარსის. თუ, როგორც ორი მოკავშირე ასეთ ხელშეკრულებას გავაფორმებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, (მობილიზაციას ვგულისხმობ) მათ მხარში უნდა დავუდგეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, როგორც მოკავშირეს, მხარი უნდა დაუჭიროს, მის გვერდით უნდა დადგეს, რადგან არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ხალხში ათასი აზრია, არის შანსი, საქართველომ, რომელსაც ჩვენთან სამშვიდობო ხელშეკრულება არა აქვს დადებული, თავის მხრივ, გახსნას ფრონტი. ამიტომ მგონია, რომ იქ, სადაც სპეცოპერაცია ტარდება, თავისი საქმის პროფესიონალები რაღაც რაოდენობით ამ ქვეყნიდანაც უნდა წავიდნენ. ღმერთს მადლობა, რომ ასეთები ცოტა არ გვყავს.

ალხას შამბა: მობილიზაცია ჩვენ ისე ვერ შეგვეხება, როგორც რუსეთს, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ. რუსეთის მოქალაქეები ავსტრალიაში და კანადაშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათაც ხომ არ გაიწვევენ. თან მოწვევა პირადად უნდა გადასცენ. მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ადამიანი მუდმივად არ ცხოვრობს როსტოვში თუ კრასნოდარში. გუდაუთელი ან ბიჭვინთელი ბიჭი რუსეთის ჯარში როგორ უნდა გაიწვიონ?! ახლა ეს შეუძლებელია.

ასლან ტირკბა: სანამ სპეცოპერაციაა, ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად აფხაზეთში ვცხოვრობთ, ეს არ შეგვეხება. ჩვენ ჩვენს საზღვრებზე უნდა ვიზრუნოთ, ფხიზლად უნდა ვიყოთ. როდესაც სრულმასშტაბიან ომს გამოაცხადებენ, მაშინ განზე გადგომას ვერ შევძლებთ.

რუსლან ბარციცი: რუსეთის ჯარისკაცები აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე დგანან. აფხაზეთს იცავენ. თავიანთ ინტერესებს იცავენ. თუ რუსეთი იტყვის: „ბიჭებო, უნდა დაგვეხმაროთ“, ისინი უნდა გამოვიდნენ, ვისაც ეს ასაკის, სპეციალობის მიხედვით ეხება, ვისაც მართლაც შეუძლია სპეციალური საომარი ოპერაციის ჩატარებაში წვლილი შეიტანოს. ვიღაცებს შეიძლება მობილიზაცია გაუკეთდეს. თან ჩვენი ბიჭები იქ უკვე 2014 წლიდან იბრძვიან, ახლაც წავიდნენ. ჩვენ ამ ურთიერთდახმარების სისტემაში შეძლებისდაგვარად უკვე ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, თუ ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება და რუსეთი თავის წილ შეთანხმებას ასრულებს, აფხაზური მხარეც თავისი შესაძლებლობების მიხედვით უნდა დაეხმაროს იმ განსაცდელში, რომლის წინაშეც ჩვენი მოკავშირე, პარტნიორი და კეთილი მეზობელი აღმოჩნდა.

ასტიკი: მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში მობილიზაციის.

ასლან კვეკვესკირი: მაინტერესებს, აფხაზეთს ეს როგორ უნდა შეეხოს? რა, უკვე რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ვართ? თან არც იმას გამოვრიცხავ, რომ ენგურსგაღმელი მეზობლები უკრაინის საამებლად პროვოკაციებს მოგვიწყობენ. რას გააკეთებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია - თუ საქართველო აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე პროვოკაციას მოაწყობს, მაშინ როდესაც მთელი მისი ძალები უკრაინაში სპეცოპერაციისკენ არის მიმართული?

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.