რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დღე-ღამის განმავლობაში ტრანსპორტის რაოდენობა 4 960-მდე შემცირდა, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით კრემლის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო „ტასს-ი" წერს.
გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოში საზღვართან რიგში 5.5 ათასი ავტომობილი იდგა, მათ შორის - 3.6 ათასი მსუბუქი ავტომობილი.
„ამჟამად რესპუბლიკაში 1308 სატვირთო ავტომობილია, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 300, მსუბუქი ავტომობილი დაახლოებით 3350 ერთეული“, - განუცხადა „ტასს“ თანამოსაუბრემ.
ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოს ვებსაიტის თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში მიმავალი 936 მსუბუქი და 81 სატვირთო ავტომობილი გაფორმდა. რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში შევიდა 1099 მსუბუქი ავტომობილი.
გუშინ, 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის და მთავრობის პრესსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნის დატოვების მსურველი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის შესაბამისად გაწვევას ექვემდებარებიან, უწყებას მიიღებენ „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან, სადაც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება.
ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებების შესვლა შეზღუდა. გადაწყვეტილება უკავშირდება ტრანზიტული ტრანსპორტის და მოქალაქეების დიდ ნაკადს, რომლებიც საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებთათვის დაიშვება - ისინი თავისუფლად შეძლებენ რეგიონში ჩასვლას.
საქართველოს შსს-ს თანახმად, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.