პოლონეთმა, დანიამ და ნორვეგიამ ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი გაზსადენი გახსნეს

Baltic Pipe-ის გახსნის ცერემონიაზე. 27 სექტემბერი, 2022 წელი

პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის მთავრობების წარმომადგენლებმა გახსნეს ახალი Baltic Pipe, ბალტიის მილსადენი, რომელიც ბუნებრივ გაზს ნორვეგიიდან დანიის გავლით მიაწოდებს პოლონეთს.

"გაზზე რუსეთის ბატონობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ეპოქა, რომელიც აღინიშნება შანტაჟით, მუქარითა და იძულებით", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 27 სექტემბერს, Baltic Pipe-ის საკომპრესორო სადგურის სიმბოლურ ინაუგურაციაზე გოლენიოვში, პოლონეთის საპორტო ქალაქთან, შჩეცინთან.

ევროპის ბევრი ქვეყნისთვის ბუნებრივი გაზის მთავარი მიმწოდებელი აქამდე რუსეთი იყო. "ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის" გაზსადენით გერმანიაში აირის მიწოდება ნულამდე შემცირდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. აღმოჩენილი იქნა გაჟონვის მრავალი შემთხვევა "ჩრდილოეთის ნაკად 1-სა" და "ჩრდილოეთის ნაკად 2-ში".

ენერგეტიკული სუვერენიტეტისა და თავისუფლების ახალი ეპოქა იწყება, განაცხადა მორავიეცკიმ. სოლიდარობას შეუძლია კონტინენტი უფრო უსაფრთხო გახადოს, დასძინა მან. "ეს დღე ჩვენთვის, ყველასთვის, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ნაბიჯის აღმნიშვნელია", - თქვა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა თარიე აასლანდმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დასავლეთის გაყოფა სურს, მაგრამ ამას ვერ აღწევს.

ბალტიის მილსადენი 900-კილომეტრიანი განშტოებაა არსებული „Europipe II“ მილსადენისა, რომელიც ნორვეგიიდან ჩრდილოეთის ზღვის გავლით გერმანიამდე, ქვემო საქსონიამდე გადის.

მომავალში ნორვეგიული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდება აღმოსავლეთით, ბალტიის მილსადენის გავლით. ეს მილსადენი უკავშირდება უკვე არსებულ მილსადენს დანიის დასავლეთით, ჩრდილოეთის ზღვაში, შემდეგ დანიის ტერიტორიაზე გადის და ბალტიის ზღვის გავლით პოლონეთს აღწევს.

პროექტის მშენებლობის ღირებულება 1.6 მილიარდი ევროა. მასში დიდი წილი შეიტანეს პოლონურმა ქსელის ოპერატორმა Gaz-System-მა და დანიურმა სახელმწიფო კომპანიამ Energinet-მა. Energinet-ი ამუშავებს დანიაში ელექტროენერგიისა და გაზის მთლიან სისტემას.

ბალტიის მილსადენი სუბსიდირებული იყო ევროკავშირის მიერ, რომელმაც მასში 250 მილიონი ევრო ჩადო. მილსადენში გაზის გადინება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. პოლონური გაზის ოპერატორი PGNiG-ი მოელის, რომ მომავალ წელს პოლონეთში, სულ მცირე, 6.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება. მომდევნო წელს მან უნდა შეადგინოს 7.5 კუბური მეტრი, განაცხადა კომპანიამ 27 სექტემბერს.