რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებისგან შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას

ფოტო არქივიდან. "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი(მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითმფრინავში. 2021 წლის სექტემბერი

რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ახალი - "ყირიმის ფედერალური ოლქი" შექმნას და მის შემადგენლობაში შეიყვანოს ანექსირებული ყირიმი და უკრაინის კიდევ 4 რეგიონი: დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე, სადაც რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს ატარებს.

ახალი ფედერალური ოლქის შესაძლო შექმნის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ყირიმის ე.წ. მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ახალი ოლქის ხელმძღვანელად განიხილება დუმის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ნატოში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი. 2022 წლის ივლისამდე როგოზინი ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსს“. დმიტრი როგოზინი დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაშია ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

რუსეთი საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს, 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმების გამო რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.