რადიო თავისუფლებასთან საუბარში არაერთი ადამიანი ჰყვება, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მათ სარიტუალო სერვისიდან დაურეკეს და მომსახურება შესთავაზეს. ახლობლის გარდაცვალების მძიმე წუთებში ამაზე არ უფიქრიათ, თუმცა მოგვიანებით ყველას გაუჩნდა ერთი და იგივე კითხვა - ვინ მისცა მათი მობილურის ნომერი დამკრძალავ ბიუროს?
დაახლოებით ერთი თვის წინ, ბებიის სიკვდილიდან ერთ საათში, ანასტასია სლოვინსკაიამ 112-ში დარეკა და როგორც წესია, მათ ოჯახის წევრის სახლში გარდაცვალების ამბავი აცნობა. ეს ზარი იმისთვის არის საჭირო, რომ 112-მა პოლიციას და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინოს. ისინი ადგილზე მიდიან, ერკვევიან გარდაცვალების შესაძლო მიზეზებში, ადასტურებენ სიკვდილის ფაქტს, ავსებენ საბუთებს და ინფორმაციას იუსტიციის სახლში აგზავნიან.
112-ში ზარის შემდეგ მალევე ანასტასიას ტელეფონზე უცნობმა დარეკა. რეკავდნენ რომელიღაც სარიტუალო სერვისიდან. ანასტასიას მიუსამძიმრეს და ჰკითხეს, ხომ არ სჭირდებოდა მათი დახმარება.
ანასტასიას უცნაურად მოეჩვენა ის, რომ ვიღაცამ, არა მხოლოდ მისი ბებიის სიკვდილის ამბავი იცოდა, არამედ ანასტასიას მობილური ტელეფონის ნომერიც.
ანასტასიამ ისევ დარეკა 112-ში, აინტერესებდა, მათგან ხომ არ გაჟონა ინფორმაციამ სარიტუალო სამსახურში.
112-ის ოპერატორი მას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა.
ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში, ანასტასია სლოვინსკაიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის ოფისიდან დაურეკეს და იმ საღამოს ამბები დეტალურად გამოიკითხეს. დაიწყო საქმის მოკვლევა.
„დახმარების შემოთავაზებაში, თავისთავად ცუდი არაფერია, - ამბობს ანასტასია ჩვენთან საუბარში, - სარიტუალო მომსახურებაც მჭირდებოდა და რომელიღაც ბიუროში მე თვითონაც დავრეკე, მაგრამ მე იმან შემაშფოთა, რომ ვიღაცამ რომელიღაც ასეთ სერვისს ჩემი პერსონალური ინფორმაცია ჩემ დაუკითხავად მიაწოდა. ეს არ იყო სასიამოვნო“.
რადგან ბებიის გარდაცვალების ამბავი იცოდა 112-მა, სასწრაფომ და პოლიციამ, სწორედ ამან გაუჩინა ანასტასიას ეჭვი - ხომ არ შეიძლებოდა მის პერსონალურ ინფორმაციას სწორედ ამ უწყებებიდან გაეჟონა.
გითანაგრძნობთ... და გთავაზობთ თქვენი მიცვალებულის გაპატიოსნებას
ჩვენ დავინტერესდით, მსგავსი რამ მხოლოდ ანასტასიას გადახდა თავს თუ ეს უფრო მეტ ადამიანს ეხება, ანუ ხომ არ ხდება პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, გადაცემა და გავრცელება სარგებლის მიღების მიზნით?
დაურეკავთ თუ არა ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან მალევე მათთვის სარიტუალო ბიუროდან მათ პირად ნომერზე - ეს შეკითხვა სოციალურ ქსელშიც დავსვით და როგორც საჯაროდ, ისე პირადად, არაერთი გამოხმაურება მივიღეთ.
აი, რამდენიმე პასუხი:
- „დედაჩემი გარდაიცვალა თუ არა, 5 წუთში დარეკეს და შემომთავაზეს. შოკი იყო ჩემთვის“
- „დარეკეს მაშინვე, გავიდა თუ არა სასწრაფო, რომელმაც დააფიქსირა სიკვდილი“.
- „მამაჩემი რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში, იქვე იყვნენ. ისე, ექიმი კი გეკითხება ზრდილობიანად, აი, აქვე გვყავს (სარიტუალო მომსახურება) და დაგეხმარებიან თუ გინდა“.
- „ბებია რომ გარდამეცვალა, 10 წუთში დამირეკეს“.
ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ნათია გიორგაძემ გვიამბო, რომ მასთან ერთდროულად რამდენიმე სარიტუალო მომსახურება რეკავდა.
მის ოჯახში რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი იყო და ისე მოხდა, რომ დროის მოკლე პერიოდში ისინი ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ.
2013 წელს გარდაიცვალა ნათიას მამიდა. გარდაცვალების დროს ნათია მივლინებაში იყო და იხსენებს, ერთდროულად როგორ რეკავდა რამდენიმე კომპანია და მას სარიტუალო სერვისს სთავაზობდა.
ცოტა ხნით ადრე, მამიდის სიკვდილამდე, ნათიას თავად ჰქონდა დარეკილი ერთ-ერთ სარიტუალო სერვისში (რადგან მამიდა ავადმყოფობდა) და ნათქვამი ჰქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ თავად შეეხმიანებოდა.
მაგრამ უეცრად, რამდენიმე ბიუროდან ამდენმა სატელეფონო ზარმა, როგორც თავად იხსენებს, „შოკში ჩააგდო“.
იგივე მოხდა, როცა დედა დაეღუპა. შემდეგ კი მისი მამამთილი გარდაიცვალა. სარიტუალო მომსახურება თავისი ინიციატივით რეკავდა მის მობილურ ტელეფონზე.
„მაგრამ მაშინ რატომღაც რეაქციაც აღარ მქონდა, როცა სასწრაფოს წასვლას მათი ზარი მოჰყვებოდა. იმ მომენტში დაბნეული ხარ და ამაზე არ ფიქრობ. თუმცა, სულ ასეა - როგორც კი სასწრაფოს ექიმი მიდის, ტელეფონი რეკავს“, - გვიყვება ნათია.
თავისი ამბავი გაგვიზიარა თამარ მშვენიერაძემაც.
მისი ბებია საავადმყოფოში, ოპერაციის შემდგომ, რეანიმაციაში გარდაიცვალა. შუაღამით დაურეკეს და უთხრეს, ბებია აპარატზე შევაერთეთ და „მოემზადეთო“.
„რისთვის-მეთქი და, ხომ გესმითო. 2 საათში დამირეკეს - გარდაიცვალაო“.
სანამ თამარმაც ბოლომდე გაიაზრა, რა მოხდა, მასთანაც დარეკა უცხო ნომერმა.
„გამარჯობა, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, - გაისმა ხმა ტელეფონში.
ამ დაყვავებამ გული აუჩუყა და ატირდა. მაგრამ უცნობმა საუბარი მალევე საქმიანად გააგრძელა: ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, გადაყვანა, ჩაცმა, მაცივარი, სასახლეში ჩასვენება, სასახლეს თავად აარჩევთ, შეგვიძლია სტანდარტული შემოგთავაზოთ ... თანხასაც ადგილზე გეტყვით.
„მობრძანდით-მეთქი, ვუთხარი“.
თამარი იხსენებს, რომ იმ წუთებში პერსონალურ მონაცემებზე არ უფიქრია და, როგორც ამბობს, მაშინ საქმეც კი გაუმარტივდა, რადგან ვიღაცამ იმის გაკეთება შესთავაზა, რის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა. მაგრამ დღეს, როცა ამ ამბავს იხსენებს, ვარაუდობს, რომ ეს სარიტუალო კომპანიები საავადმყოფოებთან თანამშრომლობენ.
„უფრო მეტიც, მე მაქვს ასეთი ეჭვი, რომ საავადმყოფოს დაცვის სამსახურიც, რომელსაც პაციენტის პატრონი უტოვებს ნომერს, თანამშრომლობს მათთან... მე პირადად რეანიმაციის ექიმმა მითხრა სარიტუალო ბიუროზე, დაგირეკავენ და დაგაკვალიანებენო“.
„ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, ვინ მოკვდა?“
რამდენიმე სარიტუალო მომსახურების ბიუროში ვიკითხეთ, როგორ მყარდება კონტაქტი გარდაცვლილის ოჯახსა და მათ შორის.
ყველა მათგანმა გვიპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, ჭირისუფალი რეკავს“.
ვკითხეთ, თუ არის შემთხვევები, როცა მათ მისდით ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ოჯახს ესაჭიროება სარიტუალო სერვისი, რაზეც ერთ-ერთ ბიუროში ასე გვიპასუხეს:
„ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, ვინ მოკვდა?“
დავრეკეთ სარიტუალო მომსახურების სახელმწიფო სააგენტო „ჰერმესშიც“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერვისია, სადაც გვითხრეს, რომ მათი მომსახურება 24-საათიანია და ჭირისუფლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და სწორედ მათი მიმართვის შემდეგ ერთვება „ჰერმესი“ საქმეში.
„აბა, ისე ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, ვინ როდის გარდაიცვლება“, - ასე გვიპასუხეს „ჰერმესშიც“ და გვითხრეს, რომ ისინი თავიანთი ინიციატივით გარდაცვლილის ოჯახში არასოდეს რეკავენ.
ამავე სარიტუალო სერვისში ისიც გვითხრეს, რომ თუ ისე მოხდა, რომ დაბნეული ჭირისუფალი სასწრაფოში ან პოლიციაში დარეკვამდე მათთან დარეკავს, მას აუცილებლად ეკითხებიან, მივიდა თუ არა უკვე ადგილზე პოლიცია და სასწრაფო.
„ჩვენ მხოლოდ მერე ვერთვებით“, - გვითხრეს „ჰერმესში“, რომელსაც უნდა მიმართოს ყველა იმ ოჯახმა, ვისი ოჯახის წევრი თუ ახლობელიც სახელმწიფო სასაფლაოზე უნდა დაიკრძალოს.
კერძო სასაფლაოს და სხვა სარიტუალო სერვისების ამბავს კერძო ფირმები აგვარებენ და ყველას თავისი ფასი აქვს.
თუმცა, მიუხედავად იმ პასუხებისა, რომელიც ჩვენ სარიტუალო ბიუროებიდან მივიღეთ, ჩვენი რესპონდენტების მონათხრობებიდან ირკვევა, რომ მაინც არსებობს გზები, როცა სარიტუალო მომსახურების კომპანიებს მისდით არა მხოლოდ ვინმეს გარდაცვალების ამბავი, არამედ ჭირისუფლის კონტაქტიც, რომელთანაც ისინი თავად რეკავენ და მომსახურებას სთავაზობენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მსგავს შემთხვევაზე მათთვის აქამდე ჯერ არავის მიუმართავს.
ხოლო ჩვენს კითხვაზე, კანონით, შესაძლებელია თუ არა (ან რა შემთხვევაში), სასწრაფომ, პოლიციამ, საავადმყოფომ, 112-მა კერძო სარიტუალო მომსახურებას მიაწოდოს გარდაცვლილის ოჯახის პერსონალური მონაცემები, ინსპექტორის ოფისში გვიპასუხეს, რომ:
„ყველა მონაცემთა დამმუშავებელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი თუ სამედიცინო დაწესებულება, ვალდებულია, მონაცემთა ნებისმიერი ფორმით დამუშავებისას, კერძოდ, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრის ან წევრების პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სატელეფონო ნომრის გამჟღავნებისას, დაიცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები“.
ამ მოთხოვნების დაცვაში იგულისხმება ის, რომ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს კონკრეტული პირის თანხმობა; ასევე, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
არც ანასტასიას, არც თამარის, არც ნათიას შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი გარემოება არ არსებობდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურში ჩვენ ვიკითხეთ, ხომ არ არსებობს რაიმე შეთანხმება სასწრაფოსა და რომელიმე სარიტუალო სამსახურს შორის, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ადამიანების გარდაცვალების შესახებ შეტყობინებას. გვიპასუხეს, რომ არა.
თუმცა, გვითხრეს ისიც, რომ „თუ დაბნეულ ჭირისუფალს დახმარება სჭირდება, სასწრაფოს ექიმებს შეუძლიათ ისინი დააკავშირონ სარიტუალო ბიუროსთან“.
კანონში არსად წერია, რომ ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სასწრაფომ თუ პოლიციამ რომელიმე სარიტუალო სამსახურს უნდა მიაწოდოს.
ამ ამბავში კიდევ ორი დეტალია საყურადღებო: ჩვენი რესპონდენტების გარდაცვლილი ახლობლების უმრავლესობა - ხანდაზმულია.
ხოლო თავად ამბებიდან, ზოგი 10 წლის, ზოგი წელიწად-ნახევრის და ზოგიც ერთი თვის წინანდელი. ეს, შესაძლოა, იმაზეც მიუთითებდეს, რომ პირადი მონაცემები სარიტუალო სამსახურში საჯარო უწყებებიდან დიდი ხანია იჟონება.