ზელენსკი: აშშ-სგან მიღებულია NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს გავრცელებულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო მაღალი ტექნოლოგიის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც NASAMS-ის სახელით იცნობენ - იმ ფონზე, როცა უკრაინა მეშვიდე თვეა იგერიებს იქ შეჭრილ რუსეთის ჯარს.

როგორც იუწყებიან, ეს განცხადება ორივე მხარისთვის პირველი საჯარო აღიარებაა იმისა, რომ უკრაინას მიაწოდეს NASAMS-ის მაღალტექნოლოგიური ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემა. მის მიწოდებაზე გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს იქნა მიღებული.

"ჩვენ ძალიან გვჭირდება აშშ-მა იკისროს ლიდერობა და უკრაინას მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს ამ დადებითი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მიღებულია", - ამბობს ზელენსკი ინტერვიუში, რომელსაც სააგენტო როიტერსი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, NASAMS-ის მიღებას უკრაინის ოფიციალური პირები ლობირებდნენ.

ამასთან, ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა ე.წ. მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და სხვა სისტემებისთვისაც, რომლებიც უკრაინის არმიას ეხმარება, მოიგერიოს ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.