ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობა სახიფათოა პარტიისთვის

ფოტოკოლაჟი: ნიკა მელია და დავით კირკიტაძე

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა. მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ხედავდა არაფორმალური მმართველობის საფრთხეს.

"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მანამდე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ერთი კვირით ადრე ნათქვამ "მოოლიგარქო ტიპებში" დავით კეზერაშვილი იგულისხმა.

"ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ, უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი. მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ წუთის მდგომარეობით ამ ყველაფრით შემოვიფარგლები", - თქვა ნიკა მელიამ.

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

ასევე ნახეთ უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილ 12-პუნქტიან ჩანაწერში დეოლიგარქიზაციის პუნქტის არსებობას, ოპოზიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამაში ოპოზიციის წარმომადგენლები მოიაზრებიან, მათ შორის ითქვა დავით კეზერაშვილზეც.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა