ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სოლიდარობას უცხადებენ. მათ ამ თემაზე დღეს, 23 სექტემბერს, პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატები ეხმაურებიან პარლამენტის ტრიბუნიდან მინისტრის 22 სექტემბრის განცხადებას. თეა წულუკიანმა, კერძოდ, თქვა, რომ, როგორც ქალ მინისტრს, პრობლემები აქვს სპორტის ფედერაციებთან და "ეს ეხება ქალთა უფლებებს".
"არ შეიძლება, მინისტრი ქალი იყოს იმ მდგომარეობაში, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას მამაკაცებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, განიცდის უთანასწორობას, მისი ხარისხი შეიძლება განსხვავებული იყოს. ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც პოლიტიკაშია და განიცდის უსამართლობას, მისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სოლიდარულები და ყოველთვის დავიცავთ მათ ინტერესებს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
სპორტულ ფედერაციებთან პრობლემებზე თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ფედერაციას გულისხმობდა.
"მაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც ქალის უფლებებს ეხება. ამაზე შორს არ წავალ. იმიტომ რომ არ მინდა ქართული სპორტის იმიჯი დავანგრიო.
მათ შორის, პრობლემაა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო, ისევე როგორც კულტურის სამინისტრო, არ იყოს მიჩნეული, როგორც მოიტა ფული და არაფერი მკითხო. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას აქვს იმის განცდა, რომ ეს ფული შენია და როგორც გინდა გამოიყენო და თუ ვინმე შეგეწინააღმდეგება, მათ შორის მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც ვარ და არ გავიწევი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.