2022 წლის 1 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.” ესაა საქმე, რომელიც ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სამი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილის და ირაკლი კაჭარავას სარჩელების საფუძველზე მოამზადა. სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, დაირღვა თუ არა 2019 წლის 18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებით ამ სამი პირის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება (ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი) და დაკავების შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
2019 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებდნენ, ბლოკირებული ჰქონდათ შენობა და დეპუტატებს იქ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ადამიანური ძალა გამოიყენა, თუმცა მანამდე დემონსტრანტები ამის შესახებ გააფრთხილა.
ამ დღეს აქციის დაშლისას პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის იყვნენ მაქარაშვილი, ბერძენიშვილი და კაჭარავაც. ამავე დღეს პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი.
18 ნოემბრის აქციაზე დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს - 7-დღიანი; აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სააპელაციომ, თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები გაიზიარა.
მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის შემთხვევებში, არც სტრასბურგის სასამართლოს დაუდგენია საქმის სამართლიანი განხილვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების დარღვევა - სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ პოლიციას აქვს უფლება დაიცვას ადმინისტრაციული შენობები და არ მისცეს დემონსტრანტებს გზის გადაკეტვის საშუალება, თუკი მათ ამის გარეშეც შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა.
მაქარაშვილი-ბერძენიშვილისგან განსხვავებულია ირაკლი კაჭარავაზე გამოტანილი განაჩენი - მასთან სახელმწიფოს ორივე მუხლის დარღვევა დაუდგინდა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო მიუთითებს, რომ კაჭარავას შემთხვევაში, პოლიციას არ ჰქონდა მისი დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები და იგი მაშინ დააკავეს, როცა აქციის დაშლა უკვე ორი საათის დაწყებული იყო, პარლამენტის შესასვლელები კი - გათავისუფლებული. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს კაჭარავას სასარგებლოდ 1 600 ევროს გადახდა დააკისრა.
რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში
სასამართლო მიუთითებს, რომ 18 ნოემბერს გამართული აქცია არ ატარებდა ძალადობრივ ხასიათს და არც მისი მიმდინარეობისას გადაზრდილა ძალადობაში. აქციის მონაწილეებმა კი, მართალია პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალეს, მაგრამ შეკრება მიზნად ისახავდა პოლიტიკური იდეების გამოხატვას. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა შეკრება, რომლის მიზანი დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაა, დემოკრატიული პროცესის ნაწილია მაშინაც, როცა იყენებს დამაბრკოლებელ ფორმებს.
სასამართლო წერს იმასაც, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა სამართალდამცველებს აძლევს უფლებას, იმოქმედონ გზების გადაკეტვისა და შენობების ბლოკირების დროს არეულობის თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
„ბლოკადას უნდა წარმოექმნა ისეთი არეულობა, რაც სცილდება მცირე არეულობის საზღვრებს. როგორც სასამართლო ამასთან დაკავშირებით მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვები წაუქეზებიათ ასეთ ქმედებებში, მათთვის მიცემული მრავალი გაფრთხილების ფონზე და შიდა კანონმდებლობის აშკარა უგულებელყოფით, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და შემდგომში ამ შესასვლელების გასახსნელად პოლიციის ძალისხმევისთვის ხელის შეშლა, ასევე დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრებისთვის მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის ხელის შეშლა, რაც აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, შეიძლება შეფასდეს, როგორც „გასაკიცხი“ საქციელი“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე მსჯელობისას, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ასევე განიხილავს იმ პროცესებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აქტივისტების დაკავების შემდეგ.
“[სასამართლოში] შესაბამისი მოსმენების დროს განიხილეს ვიდეომასალა, რომელშიც მონაწილეობდნენ პირველი [გიგა მაქარაშვილი] და მესამე [ზუკა ბერძენიშვილი] მოსარჩელეები მხარეების მონაწილეობით. სამივე მომჩივანმა შეძლო კითხვების დასმა მოწმის სახით დაბარებული პოლიციელებისთვის. სასამართლო პროცესის დროს პოლიციელებმა (მათ შორის მათ, ვინც დააკავეს მომჩივნები) მისცეს ჩვენებები მოწმის სახით და აღნიშნეს, რომ მომჩივნები იყვნენ იმ მომიტინგეებს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს გადაეკეტათ პარლამენტის შენობის შესასვლელი და შეეფერხებინათ პოლიციის მუშაობა შესასვლელების გასათავისუფლებლად.
რაც შეეხებათ მოსარჩელეებს [სასამართლოზე], პირველმა განმცხადებელმა იმღერა ეროვნული ჰიმნი, იმის ნაცვლად, რომ მოეყოლა აქციაზე მისი დაკავების საკუთარი ვერსია. ჩვენების მიცემაზე უარი თქვა მეორე მოსარჩელემაც იმ არგუმენტით, რომ სასამართლოს მიიჩნევდა მმართველი პარტიის “დუქნად”, მესამე განმცხადებელს კი არ უარუყვია, რომ ის ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ იჯდა გზაზე მის გადასაკეტად, ავთენტური იყო, მაგრამ თქვა, რომ ეს მისი გამოხატვის უფლების რეალიზაცია იყო”, - წერს სასამართლო.
„დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პოლიციის, ისე ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებას, ღირსებას და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“, - ასე გამოეხმაურა 22 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რომელმაც ევროპული სასამართლოს განაჩენი მიიჩნია როგორც მტკიცებულება იმისთვის, რომ “საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად.”
საქართველოდან ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ათობით აქტივისტის საქმეა გაგზავნილი.
ასევე ნახეთ "ფინანსური სანქციები" აქტივისტებს - ათასობით ლარის ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები