ქვეყნის დატოვების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ვლადიკავკაზში შეიზღუდა საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადაადგილება, ამის შესახებ "კავკაზ.რეალიი" ტელეგრამის რადენიმე არხზე დაყრდნობით იუწყება.
შეზღუდვები 23 სექტემბრიდან დაწესდა და უკვე დაახლოებით 03:30 საათზე ვლადიკავკაზის მოსკოვის და კოსტას გამზირების კვეთაზე, მოძრაობა შეჩერდა საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით გავრცელებული ვიდეოს ავტორის თქმით, სამართალდამცველები ავტომობილებს არ უშვებენ "ზემო ლარსის" საზღვარზე, საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის წინ წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი საცობის გამო.
ვიდეოში ნაჩვენებია ათობით გაჩერებული მანქანა. სახელმწიფო ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, ესენი არიან ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონების, ასევე ვოლგის რეგიონის მაცხოვრებლები.
ტელეგრამის არხების თანახმად, საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივნომრიან მანქანებს. ამის გამო ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ფულს უხდის ადგილობრივ მცხოვრებლებს.
ოფიციალურად ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს. 23 სექტემბერს რესპუბლიკის სახელმწიფო საგზაო ინსპექციამ მოსახლეობა ვლადიკავკაზში მოძრაობის მხოლოდ იმ შეზღუდვის შესახებ გააფრთხილა, რომელიც შაბათ-კვირას რესპუბლიკის დღის, ქალაქ ვლადიკავკაზის დღისა და ალანიის 1100 წლისთავის დღესასწაულის გამო იმოქმედებს.