მძევლად ყოფნის 10 საათი - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 სექტემბერს

10 საათი შანტაჟის ქვეშ

თითქმის 10 საათი გაატარა ვანო ხეცურიანმა ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ის და კიდევ 18 ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, $2 მილიონსა და ვერტმფრენს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებდა, რომ თავის სხეულზე და ოთახში დამაგრებულ “ბომბებს” ააფეთქებდა.

ბევრს არაფერს ითხოვდა ჩვენგან, მხოლოდ გვეუბნებოდა, დასხედით და არ გაინძრეთო... ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა, არ ვიცოდით, ამას რატომ აკეთებდა, არ ვიცოდით, რაში სჭირდებოდა ეს თანხა. არც მისი მიზანი და ვინაობა ვიცოდით”, - იხსენებს ვანო ხეცურიანი.

თავდამსხმელი მძევალს აიძულებდა, მისი ულტიმატუმები ფეისბუკით პირდაპირ ეთერში გაეშვა.

“მოგვთხოვა, ჩართეთ აუცილებლად ლაივიო და ჩვენც ჩავრთეთ. არ შევეწინააღმდეგებოდი, რა თქმა უნდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვანო ხეცურიანი. მისი პირველი ჩართვა 12:08 საათზე დაიწყო.

წაიკითხე მეტი გვანცა ნემსაძის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახეთ:

ირანელი ქალები თავისუფლებისთვის იბრძვიან

საქართველოში გამოქცეულმა სამმა ირანელმა ქალმა: მარიამ შარიფმა, თარგულ ღაზიზადემ და ფურან მაჰმუდიანმა თბილისში საპროტესტო აქცია დაგეგმეს. ამ გზით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც ირანში თავისუფლებისთვის იბრძვის.

ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციები არ წყდება. „სიკვდილი დიქტატორს!“, „ხამენეი დაემხობა!“ - ამ ლოზუნგებით გამოდიან ირანელები ქვეყნის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.

ყველაფერი 13 სექტემბერს დაიწყო, როცა „მორალის პოლიციამ“ 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა. იქიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ იგი „გულის მოულოდნელი შეტევით“ გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელებმა მას დაკავებისას თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს.

რადიო თავისუფლება: ის რაც დღეს ირანში ხდება, ხომ არ გასცდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას?

მარიამი: ეს პროტესტი ქალებმა დაიწყეს და მათვე გააგრძელეს, მაგრამ მხოლოდ ქალთა უფლებებს უკვე აღარ ეხება, ისინი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასაც ითხოვენ. მათ რეჟიმის შეცვლა უნდათ და არა მხოლოდ ჰიჯაბის წესის გაუქმება ან მორალის პოლიციის დახურვა. არა, ხალხს დიდი ცვლილებები სჭირდება.

წაიკითხე მეტი.

რუსეთი საომრად მილიონამდე ჯარისკაცს გაუშვებს?

წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპას" აცნობა, რომ მობილიზაციის შესახებ განკარგულებაში საიდუმლო პუნქტი არსებობს. იქ წერია, რომ კრემლს შეუძლია გაიწვიოს არა 300 ათასი კაცი, როგორც ეს თავდაცვის მინისტრმა თქვა, არამედ 1 მილიონი.

განკარგულება, რომელსაც პუტინმა ხელი 21 სექტემბერს მოაწერა, 10-პუნქტიანია. მისი მეშვიდე პუნქტი გასაიდუმლოებულია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ის "შიდა გამოყენებისთვისაა".

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ამ დროს რუსი ახალგაზრდები ცდილობენ, ომს გადაურჩნენ

ქალაქ ნოვოსიბირსკში მცხოვრები 23 წლის ბიჭი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა - ომის უფრო ეშინია თუ ემიგრაციის. მისი ბევრი მეგობარი უკვე გაიქცა, რადგან არ უნდათ “ამაზრზენ, ფარისევლურ და იმპერიულ ექსპანსიას” შეეწირონ.

თუმცა ზოგი განიხილავს გადარჩენის უფრო არასტანდარტულ ხერხებსაც. 21 სექტემბერს, ბევრმა რუსმა ინტერნეტმომხმარებელმა დაგუგლა კითხვა: “როგორ მოვიტეხოთ ხელი?”

წაიკითხე ვრცლად მობილიზაციისგან თავის დაღწევის ხერხებზე.

ნიკა ვანიშვილი ოროზმანში ნაპოვნ კბილზე: გაუგებრობა მოხდა

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან მას შემდეგ, რაც ოროზმანის არქეოლოგიური მასალით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. მან გაუგებრობა უწოდა იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მის სახლში არტეფაქტის, 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის დროებით შენახვა კანონდარღვევად მიიჩნია და ახსნა, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება კბილის სახლში წაღების შესახებ.

წაიკითხე მეტი.

იბრძოლეს, მაგრამ ანაზღაურება ვერ მიიღეს

ასტრახანის ოლქიდან უკრაინაში საომრად გამგზავრებულები ამბობენ, რომ პრობლემები შეექმნათ ხელისუფლების მხრიდან დაპირებული ანაზღაურებისა და შეღავათების მიღებაში.

ინტერნეტში გაჩნდა საიტი "контракт30.рф" ასტრახანის ოლქიდან პოტენციური რეკრუტირებისთვის. ის მალე შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოვიდა მოწოდებით, ყოველ რეგიონში მინიმუმ ათასი მეომარი შეიკრიბოს უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად.

გაიგე მეტი "გადაგდებული" ბიჭების ისტორიაზე.

ინტერვიუ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიქტორ წილოსანთნ, დედაქალაქში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.