ესტონეთმა უარი თქვა მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გაქცეული რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე

რუსი ტურისტები ნუიიამას სასაზღვრო პუნქტზე ფინეთში. 2022 წლის ივლისი

ესტონეთი არ აპირებს თავშესაფრის მინიჭებას რუსებისთვის, რომლებიც მობილიზაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.

"რუსეთში საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საკმარისი მიზეზი არ არის", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ სააგენტო Reuters-ის წერილის საპასუხოდ.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც ესტონეთში ბინადრობის ნებართვა აქვთ, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.

უფრო ადრე ლატვიამ თქვა უარი ამ კატეგორიის რუსეთის მოქალაქეთათვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე. ლიეტუვა მსგავს განცხადებებს "ინდივიდუალურად" განიხილავს.

ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ უარს ეტყვის ტურისტულ ვიზებზე რუს მამაკაცებს, თუ არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ ისინი არ დაბრუნდებიან რუსეთში. პორტალ EUobserver-ს ერთ-ერთმა ინკოგნიტო ფინელმა დიპლომატმა უთხრა, რომ "ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური დისკუსიაა იმაზე, უნდა მისცენ თუ არა თავშესაფარი რუს რეზერვისტებს." ფინეთმა ასევე მიმართა ევროკომისიას წინადადებით, გამკაცრდეს რუსების შესვლა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.