"მჭირდებოდა რუსეთის დროშა, მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე" - რა წერია ბანკზე თავდამსხმელის ჩვენებაში

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს თავის მოთხოვნებს, მათ შორის იმას, ფულთან და ვერტმფრენთან ერთად, რატომ მოითხოვა რუსეთის დროშა და ანკესი.

"იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონი აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა, რომ დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთის და რუსეთის მიმართულებით. ამისათვის მესაჭიროებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და მას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას გამეშალა", - წერია ნარსიას ჩვენებაში.

გრიგოლ ნარსია ჩვენებაში ასევე ჰყვება, რომ ბანკში შესვლისას გაათავისუფლა გოგო, რომელსაც ასაკოვანი ქალი ახლდა, დანარჩენები კი მძევლად დაიტოვა. იგი წერს, რომ ბანკის კარზე ასაფეთქებელი მოწყობილობის "მაკეტი-მულაჟი" დაამაგრა.

გრიგოლ ნარსიას ჩვენებაში ასევე აღწერილია დაკავების პროცესი. დოკუმენტში წერია, რომ სპეცრაზმელებმა ის "გააკავეს" და მათ "ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია".

"ბანკის შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯრის რაფაზე პოლიციის თანამშრომლებმა დააწყვეს რაღაც თანხა. მე მათზე ერთ-ერთი მძევლის მეშვეობით გადავეცი, რომ არ იყო საკმარისი და რასაც ვითხოვდი, ის მოეტანათ. ამავე დროს, დავთანხმდი და შევამცირე მოთხოვნილი თანხა ნახევარი მილიონით, ანუ სულ მოვითხოვე მილიონ-ნახევარი აშშ დოლარი.

ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაიძახეს შენობის უკანა მხრიდან, რომ ჩემთვის მოთხოვნილი ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, თუ როგორ მოეწოდებინათ. მე მოვთხოვე, რომ ფანჯრიდან შენობაში შემოეყარათ. მკითხეს, თუ როგორ მოვახერხებდი მათ წაღებას, მქონდა თუ არა ჩანთა. მე ვუპასუხე, რომ მქონდა ჩანთა. ამავე დროს, უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, მე მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა მოახერხეს ჩემი დაკავება. დანა, ხელყუმბარა, პისტოლეტი და სხვა ნივთები რომ არ გამომეყენებინა, წამართვეს".

ადვოკატ ციცი ბაბუნაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩვენებას კი წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი.

"ჩვენების შინაარსი არ იცოდა... დაზიანებებთან დაკავშირებით, ამ ნაწილში მინდა დავაფიქსირო, მან მიუთითა, რომ ეს დაკავების შემდეგ იყო. ამბობს, წინააღმდეგობა არ გამიწევიაო. ვიზუალურად სასამართლო პროცესზე ნახავთ, რომ სახეზე მრავალი დაზიანება აქვს", - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

გრიგოლ ნარსიას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.

იგი 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დააკავეს. მას მძევლად 14 ადამიანი ჰყავდა და თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.