მუზეუმმა დაადასტურა, რომ ოროზმანში ნაპოვნ კბილს ექსპედიციის მონაწილე სახლში ინახავდა

ოროზმანში ნაპოვნი ადამიანის კბილი

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სოფელ ოროზმანის არქეოლოგიური გათხრისას ნაპოვნი კბილის ადგილსამყოფლის შესახებ გაჩენილ კითხვებს პასუხი გასცა. მუზეუმმა დაადასტურა, რომ არტეფაქტი, რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა სახლში წაიღო. მოგვიანებით, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურმა ინსპექციამ კბილი ამოიღო და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 1 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ოროზმანში არქეოლოგიური გათხრების განხორციელების თაობაზე. თუმცა, 2022 წლის 20 სექტემბრამდე, არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ და არც განათხარი მასალა ყოფილა წარმოდგენილი.

როგორც მუზეუმი აღნიშნავს, ვინაიდან ცნობილი იყო ოროზმანში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია ვრცელდებოდა მედიასაშუალებებითაც) და ჩაითვალა, რომ არსებობდა მასალის დაკარგვის რისკი, 19 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გათხრებზე ნებართვის გამცემმა ორგანომ, შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

ამავე ცნობით, 20 სექტემბერს გენერალურმა ინსპექციამ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში გამოჰკითხა ექსპედიციის წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), „რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან „ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“. მან ამის შესახებ თავად შეადგინა ახსნა-განმარტება და ხელმოწერით დაადასტურა ფაქტი".

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმავე დღეს ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისსავე ბინაში კულტურული მემკვიდრეობის გენერალურმა ინსპექციამ უძველესი ადამიანის კბილი ამოიღო ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. მუზეუმი აღნიშნავს, რომ ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე.

„ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად", - აცხადებს ეროვნული მუზეუმი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც, მუზეუმის განცხადებით, ავარიულია და იქ არცერთი ოთახი დაცული არ არის. ეს მასალაც შესაბამისი წესით გადაეცა მუზეუმს.

ასევე ნახეთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კბილის აღმომჩენები შარში ეხვევიან - სად არის ოროზმანელი ადამიანის კბილი? 

21 სექტემბერს რადიო თავისუფლებას სამმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ 20 სექტემბერს, საღამოს საათებში, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილს სახლში მიაკითხეს.

მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეცნიერი თავისთან ინახავდა სოფელ ოროზმანში ნაპოვნ მნიშვნელოვან ისტორიულ არტეფაქტს - 1.8 მილიონი წლის წინანდელ კბილს. რადიო თავისუფლების ცნობით, არტეფაქტი მეცნიერის ბინიდან ამოიღეს, თავად ნიკა ვანიშვილი კი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოკითხეს.