რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, სოხუმის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. ე.წ. უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობით, გადაწყვეტილება 16 სექტემბერს გამოიტანეს.
როგორც სოხუმის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, თაკალანძე მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით. თაკალანძეს ბრალად ედება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში „თავისი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაცია“, კერძოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა.
ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მას ბრალი „ჯაშუშობის მუხლით“ აქვს წარდგენილი. წყაროს თანახმად, აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში გამგზავრებას ცდილობდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი). რადიო თავისუფლებას სუსში განუცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.