ნაწილობრივი მობილიზაცია სრული კატასტროფის ასაცილებლად?

ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ. კოლაჟი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის დაწყებიდან 7 თვის თავზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენი სამშობლოსა და მისი მთლიანობის დასაცავად, საჭიროდ მიმაჩნია ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერა“, განაცხადა პუტინმა რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს. მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა „რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის“ ნაჩქარევი დანიშვნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ნაუცბათევი შეტანა. რუსეთში მობილიზაციისათვის თავის არიდება პატიმრობით ისჯება.

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, გაწვევას დაექვემდებარებიან მხოლოდ რეზერვისტები და ჯარში ნამსახურები მოქალაქეები. ფრონტზე გაგზავნამდე ისინი დამატებით გაივლიან წვრთნას. პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროსაც თქვა, რომ მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული მოქალაქეები მიიღებენ კონტრაქტორების სტატუსს, ანაზღაურებასა და სოციალურ გარანტიებს.

სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს, ბრძანების გამოცემისთანავე დაიწყო.

რა თქვა პუტინმა

  • დასავლური ელიტის ნაწილის მიზანია დაასუსტოს და დაშალოს რუსეთი. თავიანთ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია. უკრაინას რუსოფობიის პლაცდარმად ამზადებენ
  • წინმსწრები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება აუცილებელი იყო
  • ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა პრაქტიკულად გაწმენდილია, ბრძოლა დონეცკში გრძელდება. რუსეთის სამხედრო დანაყოფები იქ გეგმურად მოქმედებენ, უფრთხილდებიან პირად შემადგენლობას
  • სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, კიევის წარმომადგენლები დადებითად გამოეხმაურნენ ჩვენს წინადადებებს, მაგრამ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა დასავლეთს არ აწყობდა
  • არ გვაქვს მორალური უფლება, ჯალათებს გასანადგურებლად დავუთმოთ ახლობელი ადამიანები, არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ მათ გულწრფელ სურვილს, განსაზღვრონ საკუთარი ბედი. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების პარლამენტებმა, ისევე როგორც სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციებმა, მიმართეს რუსეთს რეფერენდუმის მხარდაჭერის მოთხოვნით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი უსაფრთხოება დავიცვათ. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხალხი იქ მიიღებს
  • დასავლეთმა ყველა ზღვარი გადალახა, გვესმის მუდმივი მუქარა. ტერორისტული დარტყმები უკვე ხორციელდება კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე
  • ნატო ახორციელებს დაზვერვას მთელ სამხრეთ რუსეთში. ღიად ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს. ამოქმედდა ბირთვული შანტაჟიც. მინდა შევახსენო მათ, რომ ასეთი საშუალებები ჩვენს ქვეყანასაც აქვს. ხალხის დასაცავად ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ. ეს არ არის ბლეფი. ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება ყველა შესაძლო საშუალებით
  • მათ, ვინც ცდილობს რუსეთის დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით, უნდა იცოდნენ, რომ ქარმა შეიძლება მათი მიმართულებით დაუბეროს

რა თქვა შოიგუმ

ვლადიმირ პუტინის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომლის თქმითაც:

  • საბჭოთა იარაღი, რომელიც უკრაინის განკარგულებაში იყო, პრაქტიკულად გამოილია, მაგრამ დასავლეთმა დაიწყო უკრაინის ახალი იარაღით მომარაგება
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 ათას ადამიანს აღემატება: 61 ათასი დაღუპული და 49 ათასი დაჭრილი
  • უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის 5937 სამხედრო მოსამსახურე
  • უკრაინაში ბრძოლა იოლი არ არის, ზოგჯერ ძალიან რთულიც კია, მაგრამ ვასრულებთ დავალებებს
  • გვაქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი - თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ვაპირებთ მთლიანი სამობილიზაციო რესურსის 1.1%-ის - 300 ათასი რეზერვისტის გამოყენებას
  • საუბარი არ არის არც სტუდენტების და არც ახალწვეულების გაწვევაზე
  • უკრაინაში ფრონტის სიგრძე 1000 კმ-ს აჭარბებს. საჭიროა ზურგის დაცვა და დაკავებული ტერიტორიების კონტროლი. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის კეთდება ნაწილობრივი მობილიზაცია

სერგეი შოიგუ

რას ნიშნავს ნაწილობრივი მობილიზაცია

რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ ფედერალური კანონის თანახმად, მობილიზაცია გაგებულია, როგორც ზომების ერთობლიობა რუსეთის ფედერაციის, მისი სუბიექტებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკების, ფედერალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დაწესებულებების საომარ ვითარებაში გადასაყვანად, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სამხედრო და სპეციალური ფორმირებების გამართული მოქმედება ომის პირობებში.

მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში შეიძლება იყოს საყოველთაო ან ნაწილობრივი.

გამწვევი პუნქტი. რუსეთი

რუსეთის ფედერაციაში საერთო ან ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისას მიღებული ზომების ერთობლიობა განისაზღვრება მობილიზაციის შესახებ ფედერალური კანონის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და რუსეთის მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივ-ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ვლადიმირ პუტინის მიერ 2022 წლის 21 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს ავალებს, თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ ვადებში უზრუნველყონ მოქალაქეების მობილიზაციით გაწვევა.

მობილიზაციას არ ექვემდებარებიან:

  • მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებული არიან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში
  • უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომელთა რაოდენობა რფ-ში 2021-2022 სასწავლო წლისათვის 4,2 მლნ-ია
  • სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის გაზაფხულზე ჯარში გაწვეული იქნა 18-დან 27 წლამდე ასაკის 134,5 ათასი ახალგაზრდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ჯამში იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, რაც რუსეთის მთელი პოტენციალის - 25 მლნ რეზერვისტის - 1,2%-ია.

„გაწვევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ეს არის სამუშაო, რომელიც გეგმის მიხედვით შესრულდება და არა ერთბაშად“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

მობილიზაციას ექვემდებარებიან:

  • მოქალაქეები, რომლებიც მსახურობდნენ ჯარში
  • მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საჭირო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება
  • მობილიზაციით გაწვეულები გაივლიან სამხედრო წვრთნას ან გადამზადებას

მობილიზაცია დასჯის მუქარით

20 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ნაჩქარევად მიიღეს მეორე და მესამე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც არა მხოლოდ ავსებენ კოდექსს ცნებებით „მობილიზაცია“, „სამხედრო მდგომარეობა“ და „ომიანობის დრო“, არამედ ამკაცრებენ სასჯელს დეზერტირობისთვის და აწესებენ სასჯელს ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისათვის, მაროდიორობისა და თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შეკვეთის შესრულებაზე უარის თქმისთვის.

ჯამში, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა 6 ახალი მუხლი და 13 დამატება, რომელთა განხილვაზე ზუსტად იმდენი დრო დაიხარჯა, რამდენიც საჭიროა კენჭისყრის პროცედურის ჩასატარებლად.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხ. მიშუსტინი და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩ. ვოლოდინი

დეზერტირობა - ასევე მობილიზაციისათვის თავის არიდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 15 წლამდე

დაუმორჩილებლობა და ბრძოლაზე უარის თქმა - ისჯება 2-3 წლამდე პატიმრობით. თუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, სასჯელი იზრდება 3-დან 10 წლამდე

ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარება - ეს დანაშაული, ღალატის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას

მაროდიორობა - სხვისი ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევა და (ან) მითვისება დამნაშავე პირის მიერ - ისჯება 6 წლამდე პატიმრობით. თუ მაროდიორობა ჩადენილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არასაშიში ძალადობის გამოყენებით ან ასეთი ძალადობის მუქარით, პატიმრობის მაქსიმალური ვადა იზრდება 10 წლამდე, ძალადობის ან მკვლელობის შემთხვევაში პატიმრობის ვადა 12-15 წლით განისაზღვრება.

მობილიზაციის კავშირი ე.წ. რეფერენდუმებთან

ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანების გამოცემა დროში „დაეთმთხვა“ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმის გამოცხადებას.

რუსეთი აპირებს, 24-27 სექტემბერს ნაჩქარევად ჩაატაროს „რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი“ როგორც თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში.

რუსეთის ფედერაცია თავდაპირველად რეფერენდუმის ჩატარებას 11 სექტემბერს აპირებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ, რამაც, ერთი შეხედვით, აზრი დაუკარგა რეფერენდუმის ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად ვერ აკონტროლებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, კრემლმა მაინც გადაწყვიტა ფსევდორეფერენდუმის ფორსირებულად ჩატარება.

„თუკი დონბასის მცხოვრებლები, თავისუფალი ნების გამოხატვისას იტყვიან, რომ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რუსი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი მიიჩნევს, რომ ე.წ. რეფერენდუმის ნაჩქარევად ჩატარების მიზანი ომით მონაპოვრის დაფიქსირებაა:

„ვიდრე არ დაუკარგავთ, ჩქარობენ ამ ტერიტორიების რუსეთად გამოცხადებას, რათა შემდეგ, ბრძოლების მსვლელობისას, ამ ტერიტორიებზე თავდასხმა გამოაცხადონ რუსეთზე თავდასხმად, რუსეთზე თავდასხმა კი, პუტინის სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების წინაპირობას იძლევა. ეს არის ქაღალდზე გადატანილი რუსეთისთვის სასურველი ვერსია“.

ეკატერინა შულმანი

ვლადიმირ პუტინი ფსევდორეფერენდუმის ჩატარებისა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთად გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, სამშვიდობო ინიციატივითაც გამოვა, ხოლო მოსალოდნელი უარის შემდეგ იტყვის, რომ ომის შეწყვეტის წინააღმდეგი უკრაინის მხარეა, ამასთან, ეს ყველაფერი გაკეთდება რუსეთის ტერიტორიის ბირთვული იარაღით დაცვის მუქარის ფონზე, თუმცა დასავლეთის ლიდერები წინასწარ აფრთხილებენ რუსეთს, რომ არავინ აპირებს ფსევდორეფერენდუმის შედეგებისათვის ანგარიშის გაწევას.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უკუაგდოს „ფიქციური რეფერენდუმები“.

„ძალიან, ძალიან გასაგებია, რომ ეს ფიქციური რეფერენდუმები არ შეიძლება იქნეს მიღებული და მათზე არ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის მოქმედება“, - თქვა შოლცმა, რომლის თქმითაც, პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია. "რუსეთი ვერ მოიგებს ამ კრიმინალურ ომს. თავიდანვე პუტინმა სათანადოდ არ შეაფასა სიტუაცია - უკრაინის წინააღმდეგობის გაწევის ნება და მისი მეგობრების ერთიანობა".

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი 24-27 სექტემბრის „რეფერენდუმს“ პუტინის მხრიდან ომის შემდგომი ესკალაცია უწოდა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომლის თქმითაც, რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი არსებითად არაფერს ცვლის:

„ვერც ყალბი რეფერენდუმები, ვერც ჰიბრიდული მობილიზაცია ვერ შეცვლის ვერაფერს. რუსეთი როგორც იყო, ისე დარჩება აგრესორ ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის მიწის ნაწილი. უკრაინას სრული უფლება აქვს, გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები და გაათავისუფლებს კიდეც, რაც უნდა ილაპარაკონ რუსეთში“.

დმიტრო კულება

უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა კი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, გააფრთხილა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ ემუქრებათ უკანონო რეფერენდუმში მონაწილეობის შემთხვევაში.

„უკრაინის კანონმდებლობით, „რეფერენდუმის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე, ქონების კონფისკაციით“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ვის ეშინია მობილიზაციის?

რუსი პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი BILD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები რუსეთის მოქალაქეებს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს: ან ციხე, ან ომი! რაც, ბელკოვსკის თქმით, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის არმია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და, რომ პუტინი სასოწარკვეთილი ცდილობს მის გადარჩენას:

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ექვსმა თვემ აჩვენა, რომ რუსეთის არმია არანაირი მსოფლიოში მეორე არმია არაა, რომ ესაა ფეიკი და ბლეფი და, რომ მისი არავის ეშინია. შესაბამისად, პუტინი იძულებულია მიიღოს ხისტი გადაწყვეტილებები, რათა შეცვალოს ვითარება და აჩვენოს ყველას, რომ ჯერ კიდევ აქვს რაღაცის თავი“.

სტანისლავ ბელკოვსკი

ბელკოვსკი ვარაუდობს, რომ მობილიზაცია სავალდებულო სამსახურში გაწვეულებსაც შეეხებათ, თუმცა, როგორც რუსი პოლიტოლოგი ამბობს, რაოდენობის გარდა, რუსეთის არმიას, მმართველობისა და კვალიფიციური ოფიცრების დეფიციტის სახით, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, რადგან რეფორმირების პროცესში, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ხელმძღვანელობითა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის ძალისხმევით, რუსეთის არმია ზუსტადაც რომ სპეცოპერაციების ჩატარებას მოარგეს და არა ომის წარმოებას.

„პირველ რიგში შემცირებაში მოყვნენ საშუალო რგოლის ოფიცრები. ასე რომ, უბრალოდ ჯარის გაზრდა რიგითების ხარჯზე, შესაბამისი პროპორციით ოფიცრების დამატების გარეშე, არაგონივრულია და ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაწირვაა. ცხადია, რუსეთს აქვს ომის ამგვარად წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელიც კლიმენტი ვოროშილოვის მიერ იქნა ფორმულირებული პრინციპად - დედები კიდევ გააჩენენ... ასე რომ, ყველაფერს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა სტანისლავ ბელკოვსკიმ.

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის კომენტირებისას სცადა ეჩვენებინა, კორუფციისა და ცუდი მმართველობის გამო, რუსეთში შექმნილი ვითარების აბსურდულობა.

„ერთი რამ არ მესმის. ჯარი - მილიონი ადამიანია, ეროვნული გვარდია - 350 ათასი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ 1,5-2 მილიონამდე. სასჯელაღსრულების სამსახურიც სავსეა თანამშრომლებით. გაუგებარია, რატომ უხმობენ ომში მონაწილეობისთვის მშვიდობიან მოსახლეობას? გამოდის, რომ 5 მილიონი ადამიანი, ვისაც არ უნდა ომში წასვლა, აქეთ-იქით ირბენს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი დევნით, რათა რამენაირად მობილიზაცია შეძლონ, დაკავებული იქნება 1 მილიონამდე პოლიციელი“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი დანილოვიც დარწმუნებულია, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ყველაზე დიდ საფრთხეს თვითონ რუსეთის მოქალაქეებს უქმნის.

„ეს არის რუსეთის მოქალაქეების უტილიზაციის კომპლექსური პროგრამა“, - დაწერა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ტვიტერზე.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც შეახსენებს რუსეთის მოქალაქეებს, თუ რა მიიღეს მათ უკრაინასთან „სამდღიანი ომის“ 210-ე დღეს:

  • მობილიზაცია
  • საზღვრების ჩაკეტვა, იზოლაცია, სანქციები, საბანკო ანგარიშების ბლოკირება
  • ციხე დეზერტირობისთვის

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინი მობილიზაციის გამოცხადებისგან იმის გამო იკავებდა თავს, რომ ესმოდა, ამგვარი გადაწყვეტილება რისკზე წასვლასაც ნიშნავდა და, რომ მას შეიძლებოდა უკმაყოფილება და გამოსვლები მოჰოლოდა. და მართლაც, მობილიზაციის გამოცხადებას პირველსავე დღეს მოჰყვა რუსეთის მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება.

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მობილიზაციის წინააღმდეგ.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ გავრცელდა ირკუტსკიდან, ულან-უდედან და ხაბაროვსკიდან:

„ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. არიან დაპატიმრებულები. ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე მივიდა პლაკატით - "არა [როსკომნადზორი]". ბევრი გამოვიდა ლოზუნგით - "არა მობილიზაციას". ქალები ითხოვენ, არ შეეხონ მათ ქმრებს, ვაჟებსა და ძმებს“.

როსკომნადზორი - რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, 21 სექტემბერს დაბლოკვით დაემუქრა ყველა ვებსაიტს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

ქაღალდის თვითმფრინავი - Telegram მესინჯერის სიმბოლო - წარწერით როსკომნადზორი

„მობილიზაციის შესახებ მასალების მომზადებისას გამოყენებული უნდა იქნეს ექსკლუზიურად ფედერალური და რეგიონული ხელისუფლებებისგან მიღებული ინფორმაცია და მონაცემები, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, - სხვა წყაროებიდან ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს მასალისა და მთელი საიტის დაბლოკვას“.

როსკომნადზორმა 7000-ზე მეტი საიტი დაბლოკა რუსეთ-უკრაინის ომის (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიისგან განსხვავებული) გაშუქებისთვის, მათ შორის დაიბლოკა რადიო თავისუფლების მედიაპროექტები - Sever.Realii, Sibir.Realii, Idel.Realii, ასევე სხვა მსხვილი მედიაორგანიზაციები, მათ შორის - Meduza, DOXA, Mediazona და სხვ.