რუსეთის ქალაქებში აქციები იმართება მობილიზაციის წინააღმდეგ, არიან დაკავებულები

მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია ხაბაროვსკში, 21 სექტემბერი, 2022 წელი

რუსეთის ქალაქებში აქციები იმართება მობილიზაციის წინააღმდეგ. ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში მოქალაქეები ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, დაკავების შიშით, ლოზუნგებისა და პლაკატების გარეშე გადიან. ამის შესახებ თავის კორესპონდენტებზე დაყრდნობით იუწყება Сибирь.Реалии.

ხაბაროვსკში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბა 12 ადამიანი. ისინი იდგნენ ჩუმად, პლაკატების გარეშე. Сибирь.Реалии-ის კორესპონდენტთან საუბარში მათ თქვეს, რომ შოკირებული არიან მობილიზაციის შესახებ ცნობით. დაკავების შიშით აქციის მონაწილეები თავიანთ სახელებს არ ამბობენ.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ იაკუტსკში, მოედანზე, 21 სექტემბრის საღამოს რამდენიმე ადამიანმა მოიყარა თავი.

Сибирь.Реалии-ის ცნობით, ირკუტსკში 10-მდე პირი დააკავეს, ცენტრალურ მოედანზე სულ რამდენიმე ათეული მოქალაქე იდგა. OVD-Info-ის თანახმად, ყველაზე მეტი დაკავებული, 30-ზე მეტი პირი, ტომსკზე მოდის. საერთო ჯამში, OVD-Info 10-მდე ქალაქში 60-ზე მეტ დაკავებულზე იუწყება.

აქციები იყო ულან-უდეშიც. ნოვოსიბირსკში დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც პოლიციას დაუძახა: "არ მინდა პუტინისთვის და თქვენთვის სიკვდილი!".

მანამდე რუსეთის ოპოზიციურმა მოძრაობა "ვესნამ" და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მომხრეებმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდეს, გავიდნენ მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე. ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია ნაწილობრივი და სრული მობილიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც ჯერჯერობით 200 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მოსკოვის პროკურატურა ქალაქის მცხოვრებთ დაემუქრა ადმინისტრაციული სასჯელით და 15 წლამდე პატიმრობით, თუ ისინი მიტინგებს მოაწყობენ ან მათში მონაწილეობას მიიღებენ.

პარალელურად, სანქტ-პეტერბურგში მუნიციპალიტეტებს დაევალათ, იპოვონ მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარების მხარდამჭერ აქციებში. ამის შესახებ რამდენიმე მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა Ротонда.

21 სექტემბრის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და "უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით" ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, საომარ სამსახურში გამოცხადებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარეზერვო ძალას შეადგენენ.