ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაიწყეს სკანდირება ლოზუნგებისა "სიკვდილი დიქტატორს!" და "ხამენეი დაემხობა!", რომლებიც მიემართება ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. ამგვარი ლოზუნგების გამო დემონსტრანტები შესაძლოა, დააპატიმრონ, ციხეში ჩასვან ან სიკვდილი მიუსაჯონ.
ირანში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა 22 წლის მაჰსა ამინი, ქალთა უფლებების დამცველი და ქურთთა უმცირესობის წარმომადგენელი. ის 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო. დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალი საავადმყოფოში მოხვდა, სამ დღეში კი გამოცხადდა, რომ იგი "გულის მოულოდნელი შეტევით" გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა დაკავებისას ამინის თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს. ამინის ნათესავების თქმით, მას არასოდეს ჰქონია გულის პრობლემები. ნათესავებს ამინის ცხედარი არ აჩვენეს დაკრძალვის წინ.
ასობით ირანელი, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდაა, თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში გავიდა. ისინი აპროტესტებენ საპოლიციო ძალადობას და, უფრო ზოგადად, ირანის ხელისუფლების მხრიდან განსხვავებულად მოაზროვნეების დევნას.
აქციების მსვლელობისას რამდენიმე ქალმა ჰიჯაბი დემონსტრაციულად მოიხსნა და ჰაერში ააფრიალა, ორმა - ჰიჯაბებს ცეცხლი წაუკიდა, კიდევ ერთმა კი - საჯაროდ შეიჭრა თმა. ზოგიერთ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, გვარდიელები დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდნენ, ისმოდა სროლის ხმა. დემონსტრანტები საბურავებს წვავდნენ და პოლიციელებს ქვებს ესროდნენ.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამინის სიკვდილს გამოიძიებს. საპროტესტო აქციების მოწყობაში ხელისუფლება ადანაშაულებს უცხოეთის ქვეყნებს და უცხოეთში მცხოვრებ ოპოზიციას - ხელისუფლების ვერსიით, ისინი ამინის სიკვდილს იყენებენ საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევისთვის.
1979 წლის ირანის რევოლუციით შემოღებული კანონებით, ქალებს საჯაროდ მოკრძალებულად უნდა ეცვათ და ჰიჯაბს უნდა ატარებდნენ. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მორალის პოლიცია, რომელშიც შედიან როგორც კაცი, ისე ქალი თანამშრომლები.
წინა პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი, მორალის პოლიციას "მეტისმეტ აგრესიულობაში" სდებდა ბრალს. 2017 წელს პოლიციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ჩაცმის წესების დარღვევის გამო ქალებს აღარ დააპატიმრებდნენ.
მაგრამ 2021 წლის აგვისტოდან - როცა პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა დაიწყო იბრაჰიმ რაისიმ - ვითარება კვლავ გამკაცრდა. გაეროს ადამიანის უფლებების უწყება ამბობს, რომ პოლიცია შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდა ქალებს, მათ სახეში ურტყამს, ხელკეტებით სცემს და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამს.