პუტინმა მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. რეფერენდუმებს "ნოვოროსიის ისტორიულ მიწებზე"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს ისევ უწოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანია „დონბასის გათავისუფლება ნეონაცისტური რეჟიმისგან“, რომელმაც უკრაინაში ძალაუფლება „ხელში ჩაიგდო 2014 წელს, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად“.

დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცვლელია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთავარი მიზნები - „დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“. პუტინის მტკიცებით, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ უკვე პრაქტიკულად, „მთლიანად გაწმენდილია ნეონაცისტებისგან“, ხოლო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ბრძოლები გრძელდება. ეს პუტინმა იმით ახსნა, რომ დონეცკში „კიევის საოკუპაციო რეჟიმმა შექმნა სიმაგრეების ღრმად ეშელონირებული ხაზი“, ამიტომ „შუბლით შეტევას“ მძიმე დანაკარგი მოჰყვებოდა და რუსეთის ქვედანაყოფები „გეგმაზომიერად“ მოქმედებენ, „პირად შემადგენლობას უფრთხილდებიან“ და „დონეცკის მიწას ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, „ნეონაცისტებისგან გათავისუფლებულია მნიშვნელოვანი ტერიტორიები ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც“.

პუტინმა უკრაინაში „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებს უწოდა „ნოვოროსიის ისტორიული მიწები“ და „ნეონაცისტები“ დაადანაშაულა იქ მცხოვრებთა მიმართ „ტერორსა“ და „სიმხეცეში“. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, არ აქვთ „არანაირი მორალური უფლება ახლობელი ხალხი დასაგლეჯად ჯალათებს მისცენ“ და უყურადღებოდ დატოვონ მათი „გულწრფელი“ სურვილი, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ამიტომ მხარს დაუჭერენ რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად დანიშნულ „რეფერენდუმებს“ და ამ გზით, "უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს".

ასევე ნახეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ რეგიონებში "რეფერენდუმები" 23-27 სექტემბერს დანიშნეს

უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ „რეფერენდუმებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. ამის შესახებ 20 სექტემბერს გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ სალდომ და ევგენი ბალიცკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ხარკოვის ოლქის ნაწილზეც. უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ნაწილი სექტემბერში გაათავისუფლა და ამჟამად რუსეთის ჯარებს უტევს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.