პუტინი დასავლეთს "ყველა საშუალებით" ემუქრება: "ეს არ არის ბლეფი"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოები დაადანაშაულა რუსეთისა და მისი ხალხისადმი მუქარასა და „ბირთვულ შანტაჟში“ და განაცხადა, დასავლეთის „აგრესიული, ანტირუსული პოლიტიკა ყველა ზღვარს გასცდა“.

რუსეთის მოქალაქეებისა და უკრაინის „გათავისუფლებული ტერიტორიების“ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, პუტინმა ილაპარაკა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის შეიარაღებაზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კიევს პირდაპირ უბიძგებენ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადატანისკენ და უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს და ამას მოჰყვეს მისი სუვერენიტეტის დაკარგვა და სრულად გაძარცვა. კონკრეტულად ვინ ამბობს ამას, პუტინს არ უთქვამს.

ასევე ნახეთ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დაიწყო "ბირთვული შანტაჟიც" და აქ საუბარია არა მხოლოდ “დასავლეთის წახალისებით” ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცხრილვაზე, რაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ქმნის, არამედ ნატოს წამყვანი სახელმწიფოების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გამონათქვამზეც რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. პუტინს არც ასეთი გამონათქვამების ავტორები დაუკონკრეტებია.

როგორც პუტინმა თქვა, მათ, ვინც თავს უფლებას აძლევს რუსეთის მიმართ ასეთი განცხადებები აკეთოს, შეახსენებს, რომ რუსეთსაც აქვს საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევაში, ნატოს სახელმწიფოებზე უფრო თანამედროვეც, და თუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება, რუსეთის და ხალხის დასაცავად გამოიყენებენ ყველა არსებულ საშუალებას.

„ეს არ არის ბლეფი“, - განაცხადა პუტინმა. მას რუსეთის არსენალში არსებული კონკრეტული შეიარაღება, მათ შორის ბირთვული იარაღი არ უხსენებია, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვები „ყველა არსებული საშუალებით“ და დაამატა, რომ ვინც ბირთვული იარაღით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ქარმა შეიძლება მათი მიმართულებით დაუბეროს.